მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის დახმარება უკრაინას

ევროკავშირის დახმარება უკრაინას

ევროკავშირის უწყებებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღნიშნეს. ბრიუსელის ცენტრში უკრაინის გიგანტური დროშა გაშალეს. ქალაქში ცნობილი ქანდაკებები კი უკრაინის ეროვნულ ფერებში გაფორმდა.

ევროკავშირში უკრაინის ელჩის თქმით, რუსული მხარე ბრიუსელის მიერ კიევის მხარდაჭერას არ ელოდა.

“რუსულმა მხარემ ევროკავშირის პოზიცია ვერ გათვალა, მათ ევროკავშირი სუსტი ეგონათ. ევროკავშირმა ერთიანობა შეინარჩუნა და წინსვლა გააგრძელა“, – თქვა ევროკავშირში უკრაინის ელჩმა ვსევოლოდ ჩენცოვმა.

ევროკავშირი ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს, აწვდის კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას და სამხედრო რესურსების გაზრდის მიზნით კიევს უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალულია რუსული მედია, რუსულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიებს კი სანქციები აქვთ დაწესებული. ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე ვიდეო მიმართვით მიულოცა.

“წინ ბევრი საქმეა, მაგრამ ეს ჩვენი საერთო საქმეა. ევროპა თქვენთან არის დღეს და მომავალშიც. გაუმარჯოს უკრაინას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეორე მხრივ, ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რუსული ენერგორესურსების იმპორტის საკითხთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. რუსული მხარე ენერგორესურსებზე ფასებს ზრდის, ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს კი ეკონომიკურ პრობლემები აქვთ.

“ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს უკრაინის გამარჯვება სურთ, ზოგიერთს კი რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობა. ეს ორი საპირისპირო მიზანია. თუ უკრაინის გამარჯვება გსურს, რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით განადგურებაა საჭირო და თუ მოსკოვთან მშვიდობა გსურს, მზად უნდა იყო დათმობებზე წასასვლელად“, – მიიჩნევს მარშალის ფონდის მკვლევარი ბრუნო ლეტე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპაში ბევრი ცვლილება გამოიწვია, შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანების პროცესში არიან, მთავარი საკითხია, თუ როგორი ურთიერთობები იქნება ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend