მთავარისპორტისაქართველოს ნაკრების გამარჯვება ნიდერლანდებთან და თორნიკე შენგელიას ტრავმა

საქართველოს ნაკრების გამარჯვება ნიდერლანდებთან და თორნიკე შენგელიას ტრავმა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. “თბილისი არენაზე” ილიას ზუროსის გუნდმა ნიდერლანდები 77:66 დაამარცხა. თად მაკფადენმა 19 ქულა მოიპოვა, გიორგი შერმადინმა 13, გოგა ბითაძემ ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა, სანდრო მამუკელაშვილმა კი 10 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 20 ქულა გაიფორმა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის შედეგადაც ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმარება და რეაბილიტაციისთვის ოპერაცია დასჭირდება.

„თორნიკე შენგელიას გარეშე მატჩის დასრულება რთული იყო. ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა კარგად იმუშავეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მე უკეთ უნდა ვითამაშო, ბურთი 4-ჯერ დავკარგე რაც მიუღებელია, თამაში უნდა გავაუმჯობესო. ქართველი გულშემატკივრის წინაშე, მაისურზე საქართველოს დროშით, თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან ერთად გამოსვლა შესანიშნავი გრძნობაა, აქ ყოფნა ყოველთვის მიხარია,“ – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ.

„გამაჯვებით ვერ ვიზეიმებთ, რადგანაც ჩვენმა კაპიტანმა მძიმე ტრავმა მიიღო. ამის გამო შოკში ვართ. თორნიკე შენგელია ძალიან დიდი ხანია ნაკრებში შესანიშნავად ასპარეზობს. მთელი გუნდი მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ამ გამარჯვებას მას ვუძღვნით. გუნდისთვის რთული მატჩი იყო. გოგა ბითაძემ გუნდთან ერთად პირველად ითამაშა. მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ახალი სისტემის თანახმად მეორე რაუნდში მხოლოდ 2 გამარჯვებით გადმოვედით, სხვა გუნდები კი 3 მოგებით, რაც ჩვენთვის სამართლიანი არ არის. მჯერა ჩემი გუნდის, ვფიქრობ რომ ბევრს მივაღწევთ. ნიდერნალდებთან მატჩზე დარბაზი სავსე არ ყოფილა. 7 წელია აქ ვარ და გულშემატკივარები ყოველთვის გვამხნევებენ. შესაძლოა, ამ მატჩზე ნაკლები ფანის მოსვლა ამხანაგური მატჩების წაგებამ განაპირობა, თუმცა ჩვენ ეს შეხვედრები თამაშის გასაუმჯობესებლად გავმართეთ. ევრობასკეტზე გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება, უნდა ვიგრძნოთ რომ სახლში ვთამაშობთ, მათი გვერდში დგომა გამარჯვების დროსაც და რთულ მომენტებშიც ჩვენთვის აუცილებელია,” – ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend