მთავარიევროპაუკრაინაНезалежність - დამოუკიდებლობა უკრაინულად

Незалежність – დამოუკიდებლობა უკრაინულად

ომის ფონზე, უკრაინა დამოუკიდებლობის 31 წელს აღნიშნავს. დღეს დამოუკიდებლობა უკრაინელი ხალხისთვის კიდევ უფრო ღირებულია, რადგან ათასობით ადამიანი რუსეთთან 6 თვიან ომში სწორედ ამ იდეას შეეწირა.

დამოუკიდებლობას, რომელიც თავის თავში მოიცავს ისტორიას, კულტურას, ხასიათს, ტერიტორიულ მთლიანობას  და თავისუფალი უკრაინელი ხალხის ნებას – რომელსაც დაცვა ჭირდება.

დღეს მილიონობით ადამიანი სახლებიდან შორს, უკრაინის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს ლტოლვილად. ისინი ცდილობენ, იყონ  საკუთარი ქვეყნის ელჩები და მთელს მსოფლიოში გაავრცელონ უკრაინის მთავარი სათქმელი: „იყავი მამაცი“.

„ევრონიუს ჯორჯია“ ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად საკუთარი  სახლებიდან შორს არიან და ცდილობენ, უკრაინის ხმა მთელს მსოფლიოს მიაწვდინონ.

დმიტრო კორინი, ლტოლვილი ზაპაროჟიედან:

„30 წლის განმავლობაში ეს დღე ჩვენთვის ზეიმი და დღესასწაული იყო. დღეს ჩვენ დამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთხელ ვიბრძვით. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს    ტკივილით, ცრემლებითა და განცდებით, ჩვენი თანამემამულეების  სიცოცხლის ფასად…“

იანა იუჟანინა, უკრაინის უახლესი ისტორიის შესახებ ცოდნის გამავრცელებელი პროექტის,  „ყვითელი ავტობუსის“ ხელმძღვანელი:

„დამოუკიდებლობა უკრაინელების გენეტიკურ კოდში დევს და ამას ახლა ჩვენ  უფრო მწვავედ აღვიქვამთ, რუსეთის  ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს. რადგან, რუსეთს, როგორც აგრესორს ჩვენი ერის განადგურება სურს. მას სურს წაშალოს თავისუფლება ჩვენს გენეტიკურ კოდში. ჩვენ არსებობის მანძილზე სულ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის. ჩემთვის დღეს უკრაინელობა და დამოუკიდებლობის შეგრძნება ყველაზე მთავარია, რაც გამაჩნია…“

სვიატოსლავ ვაკარჩუკი, მუსიკოსი, ჯგუფ „Okean Elzy”-ს სოლისტი:

„როცა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, მაშინ უფრო მეტად იაზრებ დამოუკიდებლობის ფასს.  სწორედ ეს დროა ახლა უკრაინაში და უკვე  ათასობით  ადამიანმა  გაწირა საკუთარი სიცოცხლე ამ იდეისთვის.  დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ დღესასწაული…  ეს არის დღე, როცა   ჩვენს თავს უნდა შევახსენოთ,  რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების საქმე, ეს ჩვენ ყველას გვეხება“.

სოფო მაქაცარია

შენიშვნა: სიუჟეტში გამოყენებულია კადრები OKEAK ELZY-ის პერფორმანსიდან ქალაქ ხარკივში და ნერინგა რეკასიუტეს კლიპიდან: „უკრაინელი ლტოლვილი მღერის ლიეტუველებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად“.

ყველა უფლება დაცულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend