მრავალი ათეული წლის დაგვიანებითა და მილიარდობით დოლარით მეტი ბიუჯეტით, ამერიკა მთვარეზე დაბრუნების მასშტაბურ მისიას იწყებს. აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო მთვარის ახალ პროგრამა Artemis-ს იწყებს.
”ეს არის საცდელი ფრენა, და რა თქმა უნდა სარისკოა. ჩვენ გავაანალიზეთ ყველა რისკი, როგორც შეგვეძლო, ასევე შევამცირეთ შესაძლო პრობლემები. მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ Orion-ის რაკეტა არის სრულიად ახალი სისტემა, რომელიც რეალურ დროში ორსაბათს პირველად გამოიცდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ეკიპაჟის გაფრენამდე, უსაფრთხოების ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა გადავამოწმოთ“, – აცხადებს NASA-ს მთავარი ადმინისტრატორი ბობ კაბანა.
NASA-ში გამართულ ბრიფინგზე, სააგენტოსა და პროგრამის ხელმძღვანელებმა საზოგადოებას მეტი დეტალი გაუმხილეს.
პირველი მისიის გაშვება ახალი ორიონის სახელწოდების რაკეტით, მომდევნო ორშაბათს, NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან იგეგმება და ამისთვის კოსმოსური სააგენტო ყოველმხრივ მზადაა.
„ეს ფრენა წარმოუდგენლად სარისკოა. მაგრამ, სანამ ეკიპაჟის სიცოცხლეს დავაყენებთ რისკის ქვეშ, ყველა ხარვეზი უნდა გამოვავლინოთ. ორშაბათს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ვეცადეთ, ყველა პრობლემა აღმოგვეჩინა და რისკები შეგვემცირებინა. ახლა დროა რაკეტა გავუშვათ. დანარჩენს გაფრენისას ვნახავთ“, – თქვა NASA-ს კოსმოსური ფრენების მიმართულების ადმინისტრატორმა ჯიმ ფრიმ.
98 მეტრიანი რაკეტა მთვარის ორბიტის მიმართულებით საცდელად გაგზავნის ეკიპაჟისთვის განკუთვნილ კაფსულას, რომელიც წარმატებით უნდა დაეშვას მთვარეზე და დაბრუნდეს დედამიწაზე. ასეთი საცდელი ფრენა სამჯერ განხორციელდება 2022-2024 წლებში და თითოეული მისიის ღირებულება საშუალოდ 4 მილიარდი დოლარი იქნება.
„ეს არის ახალი რაკეტის პირველი ფრენა კოსმოსში. ხომალდი დედამიწიდან სახლში დაბრუნებამდე თითქმის 290 000 მილის დაშორებით იქნება და ეს არის პირველი მაღალი კლასის მისია 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის ის რაღაც, რისი გაკეთებაც წარმოუდგენლად რთულია და რისკის შემცველია, თუმცა რატომაც არა“, – განაცხადა ARTEMIS I-ის მისიის მენეჯერმა მაიკ სარაფინიმ.
თუ სამივე მცდელობა წარმატებით დასრულდება, უკვე 2025 წელს მთვარეზე ამავე პროგრამის ფარგლებში ასტრონავტებს გაუშვებენ და საბოლოოდ, ამერიკა მთვარეზე დაბრუნდება. სადაც უკვე NASA-ს დიდი გეგმები აქვს, როგორიცაა საცხოვრებელი და სამეცნიერო ბაზები და ლაბორატორიები. 2030-იანი წლებიდან კი მთავარი ბაზების გამოყენებით, მარსის მისიების განხორციელება დაიწყება და მთვარე შუა რგოლი იქნება დედამიწასა და მზის სისტემის სხვა პლანეტებს შორის ფრენებისთვის.