მთავარისაქართველოწინანდლის ფესტივალის ახალი სიმაღლეები

წინანდლის ფესტივალის ახალი სიმაღლეები

მოახლოვდა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეოთხე სეზონი… წელს წინანდალში კვლავ დაგხვდებათ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, ფესტივალზე ჩამოსულ სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად.

პირველ საფესტივალო დღეს, პანკავკასიური ორკესტრი მაყურებლის წინაშე ახალგაზრდა პიანისტ მაო ფუჯიტასთან ერთად წარსდგება, კონცერტს კი უკრაინელი მუსიკოსი ოქსანა ლინივი უდირიჟორებს.

პროგრამის ხელმძღვანელთან შეხვერამდე, ახალგაზრდა მუსიკოსებს დირიჟორის ასისტენტი დერიკ ინოუე ეხმარება. „ძალიან ხშირად ნიჭიერ მუსიკოსებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ დიდ ორკესტრში დაუკრან  და ამავე დროს, ბევრი რამ ისწავლონ მასწავლებლებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ვთვლი, რომ ეს შესანიშნავი მოვლენაა. ჩემი მოვალეობაა მოვამზადო ისინი დირიჟორისთვის, რომელიც მოგვიანებით ჩამოვა, მე კი ვცდილობ მივაჩვიო ორკესტრში მუშაობას, რაც დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმია“, – აღნიშნავს მუსიკოსი.

პანკავკასიური ორკესტრის მუსიკალური ხელმძვანელის ასისტენტის, კლაუდიო ვანდელის თქმით, ორკესტრი რეგიონის 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა, რომლის ჩამოყალიბებაზეც ის მუშაობდა.  „აქ პირველად 2019 წელს ჩამოვედი და მონაწილეობას ვიღებდი პანკავკასიური ორკესტრის ჩამოყალიბებაში. ერთ მუსიკალურ გუნდში მოვაქციეთ მუსიკოსები საქართველოს ირგვლივ მყოფი ყველა ქვეყნიდან – უკრაინიდან ყაზახეთანმდე. გვინდა, რომ მათ გაიცნონ ერთმანეთი და საუკეთესო ოსტატებისგან ისწავლონ“”, – ამბობს კლაუდიო ვანდელი.

ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, რაშიც ხელი ხელოვნებამ უნდა შეუწყოს.

„სწორედ პანკავკასიური ორკესტრით არის ცნობილი ჩვენი ფესტივალი მთელს მსოფლიოში. ამ ადამიანების ერთად ყოფნამ განაპირობა ის, რომ მოვიზიდეთ უდიდესი ვარსკვლავები. ისინი ჩამოდიან, უნდათ რომ გაუზიარონ ახალგაზრდა კოლეგებს თავისი შემოქმედება, თავისი ცოდნა და ამასთან, ეს არის ერთგვარი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ შეიძლება კლასიკურმა მუსიკამ, ასეთმა გარემომ და მასპინძლობამ დაამყაროს მშვიდობა განსაკუთრებით საომარ მდგომარეობაში მყოფი მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ერთგვარი პრევენცია იმ უბედურებისა, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს, ვგულისხმობ უკრაინის ომს, რუსეთის შეჭრას”, – აღნიშნავს ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე.

სილქნეტისათვის განათლების ხელშეწყობა მთავარი ღირებულებაა შესაბამისად ჩვენთვის ეს პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა მუსიკოსების შეკრება მშვიდობის გზავნილია წინანდლის ფესტივალისგან“, – აცხადებს კომპანია „სილქტნეტის” მარკეტინგის ხელმძღვანელი ეკატერინე ჯავახიშვილი.

2022 წელს წინანდალში, მუსიკალური დღეები ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში მსმენელისთვის ყოველდღე ორი კონცერტი გაიმართება.

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend