სამოქალაქო სექტორმა და დეპუტატებმა დღეს ახალი სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიწყეს მუშაობა, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება.
მმართველი პარტიის ცნობით, ამ ჯგუფში არიან 4-4 დეპუტატი უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. თუმცა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას მმართველმა გუნდმა ამ ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ ISFED-ის თავმჯდომარე ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობდა და მთავრობის გადადგომას ითხოვდა.
“როდესაც კონრკეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან მისი სახელით საუბრობენ მიტინგზე და ითხოვენ მთავრობის გადადგომას, პრემიერის მეთაურობით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, სადაც მთავრობის დაკომპლექტებაში არასამთავრობო სექტორმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ისინი ამას თუ არ იზიარებენ, ჩვენ ვთქვით, რომ გამოვიდნენ და ოფიციალურად გაემიჯნონ ამ პროცესს და ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს არის ნეიტრალური ორგანიზაცია”, — განაცხადა „ქართული ოცნების“დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი კი აცხადებს, რომ ეს დისკრიმინაციაა.
“ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული ჩართულობით განხორციელდეს ეს პროცესი. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავად მმართველ პარტიას არ გააჩნია ძირეული რეფორმის გატარების სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გემოვნების გამო ორგანიზაციის დაწუნება, რომელიც ამ თემებზე მუშაობს და ცოდნა გააჩნია, ამას სხვა ახსნა არ აქვს. ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი ორგანიზაციის დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ჩვენ ვართ მიუკერძოებელი, ნეიტრალური, პრინციპული და ხშირად კრიტიკული. ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას არჩევნების მიმართულებით, გვექნება რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას”, — განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
ჯგუფის მუშაობაში ხელისუფლებამ ჩართო საქართველოს იურისტთა ასოციაცია და სხვა ორგანიზაციები.
მას შემდეგ, რაც ISFED-ს შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.