45 არასამთავრობო ორგანიზაცია იმ 10 სუბიექტს დაასახელებს, რომლებიც სახალხო დამცველის კანდიდატურისთვის იბრძოლებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ მიზნით კვლავ გაერთიანდნენ და ერთობლივად შეიმუშავებენ კრიტერიუმებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გამართულ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს სთავაზობენ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში ჩაერთონ.
”მნიშვნელოვანია, ნომინირებული იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნება გამოცდილება, იქნება პროფესიონალი და ექნება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერა ნამდვილად ვერ იქნება საკმარისი სახალხო დამცველის არჩევისთვის, ჩვენ გვინდა ისეთი ადამიანები იქნენ წარდგენილი და შემდეგ მხარდაჭერილი, რომელთა დაკავშირებითაც კონსენსუსის მოძიება შესაძლებელი იქნება.
ჩვენი პარტნიორები სულ ამაზე მიგვითითებენ, რომ დავილაპარაკოთ პარლამენტში, პარტიებმა ისაუბრონ და ერთმანეთთან თანხმობით შეარჩიონ სახალხო დამცველი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ნამდვილად გვყავდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი, ფაქტობრივად ერთადერთი ინსტიტუტია დარჩენილი, რომელიც არის მიუკერძოებელი. ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესში შეფასების დროს გადამწყვეტი იქნება, პროცესი ინკლუზიური იყოს და ისეთი სახალხო დამცველი შეირჩეს, რომელიც რომელიმე პარტიის შერჩეული არ იქნება არც მასთან აფილირებული”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
გეგმის მიხედვით, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამის კანდიდატებს შეარჩევენ, წარუდგენენ პარლამენტს და პოლიტიკური კონსენსუსის შემთხვევაში მმართველი და ოპოზიციური პარტიები, კონკრეტულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ეს სცენარი სამოქალაქო სექტორისთვის ყველაზე სასურველია. თუმცა, მათ ეჭვი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური გარიგებებით ეცდება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული კანდიდატურის ჩაგდებას და მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას. ეს კი სამოქალაქო სექტორის თქმით, მიუღებელია და მმართველი პარტიის მხრიდან, დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩამონგრევის მორიგი ნაბიჯი იქნება.
“ჩვენ, ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ რომელი პარტიას, ან პარტიებს გაურიგდება, გარკვეული პრივილეგიების და სარგებლის სანაცვლოდ, რომ მოიპოვოს ის 6 დამატებითი ხმა, რომელიც საკუთარი კანდიდატის გასაყვანად დასჭირდება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი სამოქალაქო სექტორისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები მნიშვნელოვანია. სახალხო დამცველის თანამდებობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური ვაჭრობისა და გარიგებების საგნად. ეს უნდა იყოს პოლიტიკური კონსესუსისა და შეთანხმების საგანი“, – განაცხადა „საიას“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა.
“ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პროცესი ინკლუზიური იქნება, თუმცა არასამთავრობოები იმაზე მეტად ვერ ჩაერთვებიან პროცესში, ვიდრე ამის საშუალებას პარლამენტის რეგლამენტი იძლევა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ პროცესში უპირატესობა პოლიტიკურ ძალებს ექნებათ.
“სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით განისაზღვრება. არც ერთ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა არ შეიძლება ანაცვლებდეს წესს, რომელიც არის პოლიტიკური პროცესი. ამაში ვგულისხმობთ, რომ პოლიტიკურ ძალებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ თანამშრომლობა და ერთობლივად შეჯერება ამა თუ იმ კანდიდატზე, თუმცა პარლამენტში მათი წარდგენა შეეძლებათ მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის არჩევის პროცესი რომ ინკლუზიური უნდა იყოს და რეალურად მიუკერძოებელი კანდიდატის არჩევა უნდა მოხდეს, ამაზე საუბარი ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა. მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება.
ალეკო გვეტაძე