სამხრეთ უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სარაკეტო დაბომბვის სამიზნე ტურისტული მიდამოები და საცხოვრებელი სახლები იყო. უკრაინის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის ადგილზე 7 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის უკან ის ადამიანები დგანან, რომელთათვისაც რუსული ოკუპაცია მიუღებელია.
უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსული სამხედრო მომარაგების ცენტრებისგან თავი შორის დაიჭირონ. ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტსაც და ფრანგ ლიდერს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება გააცნო.
“მადლიერი ვარ ყველა უკრაინელის, რომლებიც ჩვენს არმიას ეხმარებიან, მადლობა ეკუთვნის ჩვენი უშიშროების სამსახურს, ჩვენი სპეციალური დანიშნულების სამხედრო შენაერთებს. ჩვენ ვასუსტებთ ოკუპანტებს. სწორედ ეს არის ჩვენი გამარჯვების საფუძველი. ეს ომი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისთვისაა, ეს უკრაინელი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლაა. მე ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გავაცანი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება და რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები. მე მას მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ქალაქი ხერსონი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს და ის პირველი ქალაქი იყო, რომელიც რუსულმა ჯარებმა ინტერვენციის შემდეგ ჩაიგდეს ხელში. ხერსონს ოკუპანტებისათვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ადგილობრივები ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.
“სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ქალაქში მხოლოდ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა დარჩა და ყველამ, ვისაც სურდა, ქალაქი დატოვა. ვისაც ფული არ ჰქონდა, ქალაქში დარჩენა მოუწია, ვინც ავად იყო, ვერც მან შეძლო წასვლა. არავის შეუქმნია ჩვენთვის ჰუმანიტარული კორიდორი. აქ ცხოვრება ძალიან ძალიან რთულია“, – წუხს ხერსონის მკვიდრი ევჰენია ვირლიჩი.
ქალაქში, რომელშიც ომის დაწყებამდე 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ქუჩები ცარიელია, მოსახლეობას კი ოკუპანტებთან თანამშრომლობას აიძულებენ.