ეგვიპტეში საშინელი ტრაგედია მოხდა. მოსახლეობა ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. ხანძრის დროს 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი ბავშვი იყო.
ხანძარი, კაიროს კოპტურ ეკლესიაში, სავარაუდოდ, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია.
შენობაში დაახლოებით 5000 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლისა და კვამლის გამო გადაიკეტა შესასვლელი, ხალხი ეკლესიიდან ვერ გამოდიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანი გაქცევას ცდილობდა და მაღალი სართულიდან გადმოხტა.
ეკლესიაში იყო ბავშვთა თავშესაფარიც. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხალხი ცეცხლმოკიდებულ შენობაში მყოფთა გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი კვამლმა დაფარა.
დაშავდა თექვსმეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი, რომლებიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
ეგვიპტეში ქრისტიანები ქვეყნის 103-მილიონიანი მოსახლეობის, ძირითადად მუსლიმანების,დაახლოებით 10%-ს შეადგენენ.
ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ბრძანება გასცა, სასწრაფოდ დაეწყოთ გამოძიება. პროკურორები ეკლესიაში გაგზავნეს. როგორც ამბობენ, ბევრი ადამიანი კვამლის შედეგად გარდაიცვალა.