ტყის ხანძრების ჩასაქრობად ევროკავშირის ექვსი ქვეყნიდან, მეხანძრეები საფრანგეთში ხუთშაბათს, 11 აგვისტოს ჩავიდნენ. ისინი ცდილობენ, ჩააქრონ სამხრეთ-დასავლეთში გაჩენილი ცეცხლი, რომლის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.
საფრანგეთში ძლიერი სიცხის ტალღას, თან ახლავს ხანგრძლივი გვალვა. ექსპერტების აზრით, კლიმატის სწრაფი ცვლილების გამო მსგავსი ამინდები კვლავ მოსალოდნელია.
პორტუგალიაში შაბათიდან ტყის ხანძრებს დაახლოებით 1500 მეხანძრე ებრძვის. ცენტრალურ პორტუგალიაში სერა-და-ეშტრელას პარკი იწვის.
ხანძრის შედეგად განადგურებულია 10,000 ჰექტარი მიწა და მცენარეულობა გეოპარკში, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული. გადამწვარი ტერიტორია პორტუგალიის საერთო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების 10 პროცენტს შეადგენს.
ტყის ხანძრები ვრცელდება ესპანეთის პროვინცია ორენსეშიც, სადაც ხანძრის ოთხი კერაა. ორენსეს პროვინციაში ერთი თვის წინ ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ხანძრის ტალღა გადაიტანეს. ახლა პროვინციაში ცეცხლი ისევ მძვინვარებს. ტყის ხანძრის შედეგად 2,300-ზე მეტი ჰექტარი დაიწვა. ჯამში კი ზაფხულიდან მოყოლებული ორენსეში 22,000 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
ესპანეთის საჰაერო ძალების ოფიციალური განცხადებით, ტყის ხანძრის 5 კერის ჩასაქრობად შვიდი სახანძრო თვითმფრინავი გამოყვეს.
ევროკავშირის გვალვის შემსწავლელი ობსერვატორიის ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიის 47%-ზე გვალვის საშიშროებაა.
ევროკავშირის გვალვის შემსწავლელი ობსერვატორიის ახალი კვლევების თანახმად, გვალვა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის დაახლოებით 60%-ზე ახდენს გავლენას, რაც კლიმატის ცვლილების შედეგადაა გამოწვეული.
პარასკევს, 12 აგვისტოს გვალვაა გამოცხადებული ინგლისის სამხრეთ-დასავლეთშიც. ძლიერი სიცხის ტალღა დიდი ბრიტანეთის ყველა რეგიონში იქნება.
ინგლისში ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ხუთშაბათიდან კვირის ბოლომდე ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა იქნება. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი საათისთვის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს.
ხუთშაბათს ესექსში, კანვეის კუნძულზე კი შედარებით მცირემასშტაბიანი მინდვრის ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მოახერხეს.