ონტარიოში, ერინ სმიტის მამა შემოდგომაზე საავადმყოფოში მივიდა. თუმცა იქიდან აღარასდროს გამოსულა. როდ მაკნეილმა სიცოცხლე იქ მისვლიდან ერთ თვეში, ევთანაზიით დაასრულა.
სმიტი კი დავობს, რომ 71 წლის მამამისს ამაზე მკაფიო თანხმობა არ გაუცია, საავადმყოფო მის პირად ექიმსაც არ დაუკავშირდა. მისი თქმით, ევთანაზია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბოლო სტადიის ქონის გამო გამოიყენეს, თუმცა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეს სწორი დიაგნოზი არ იყო.
“ის გრძნობდა, რომ ექიმებისთვის ზედმეტი თავის ტკივილი იყო და უბრალოდ უფრო მარტივი იქნებოდა, წასულიყო და მეტჯერ აღარავინ შეეწუხებინა”, – მიიჩნევს ერინ სმიტი.
კანადაში, ზრდასრულებს, რომლებსაც მძიმე სამედიცინო დიაგნოზი აქვთ და მათი მდგომარეობის შემსუბუქება ვერ ხერხდება, შეუძლიათ, ევთანაზიას მიმართონ.
“ვერ ვიაზრებდი, რომ ამის გაკეთება ჩვეულებრივად შეიძლებოდა, სანამ ჩემმა დამ არ მითხრა, რომ კანადაში ასეთი კანონია”, – ამბობს ერინი.
ევთანაზიას აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა ექსპერტები და პროფესორები.
“ვიტყოდი, რომ ეს დიდი პრობლემაა. მე მყოლია პაციენტები, რომლებსაც უთქვამთ, რომ ურჩევნიათ სიკვდილი, ვიდრე გაჭირვებაში ცხოვრება. ბევრი კანადელი ფიქრობს, რომ ეს კანონი თანაგრძნობაზეა დაფუძნებული, როდესაც ყველა იმედი გადაიწურება, სიკვდილი რჩება ერთადერთი გამოსავალი და სწორედ ამას სთავაზობენ. მაგრამ, სინამდვილეში, ეს მექანიზმი ზედმეტად ადვილად ხელმისაწვდომია. ის ადამიანები კვდებიან, რომლებიც მეტი ძალისხმევისა და რესურსის გაღების შემთხვევაში, იცოცხლებდნენ”, – ამბობს ექიმი რამონა კოელიო.
ევთანაზია, ანუ პროცესი, როდესაც ექიმები პაციენტის სიცოცხლეს უმტკივნეულოდ წყვეტენ, შვიდ ქვეყანაშია ლეგალური — ბელგიაში, კანადაში, კოლუმბიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიასა და ესპანეთში, ასევე, ავსტრალიის რამდენიმე შტატში.
2016 წელს მიღებული კანონით, კანადაში, ევთანაზიისთვის მიმართვა მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვისაც სიცოცხლის ძალიან მცირე ხანგრძლივობა ჰქონდათ დარჩენილი.
ახლანდელი კანონით კი, ევთანაზიის არჩევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ან დაავადება აქვს.