მთავარიაზიაინდოეთიინდოეთში ეკონომიკის ზრდის მიუხედავად უმუშევართა რაოდენობა იზრდება

ინდოეთში ეკონომიკის ზრდის მიუხედავად უმუშევართა რაოდენობა იზრდება

პანდემიის შოკის შემდეგ, ინდოეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური უთანასწორობა კვლავ აქტუალურია.

ინდოეთის ეკონომიკა იზრდება, თუმცა ქარხნების ხმაურის მატების მიუხედავად, ინდუსტრიულ კერად გადაქცეულ სოფელ მანესარში უმუშევართა რიგებია.

სასოწარკვეთილი უმუშევარი მოსახლეობა, ფულის შოვნის მოლოდინში სოფლის ცენტრში ყოველდღე იკრიბება. მათ შორისაა 30 წლის ქალი, სახელად სუგნა. ის ქმართან და ორ შვილთან ერთად ელის, რომ რამე სამუშაო შეხვდება.

სუგნას და მის ქმარს რამდენიმე დღეა არ უმუშავიათ. ბოლო ნამუშევრიდან კი ერთი დოლარიც არ უჭირავთ ხელში.

„შეიძლება ორი, ან სამი დღის შემდეგ ვიშოვოთ სამუშაო. ისიც ერთდღიანი და შემდეგ ამ მცირეოდენი ფულით 4-5 დღე ვჭამოთ. თავი ძლივს გაგვაქვს. რა ცხოვრება კი ჩვენ გვაქვს. ჩვენი შვილებისთვის გვინდა კარგი და კომფორტული გარემო შევქმნათ. შიმშილისგან ბავშვები ავად გვყვას. არ გვეარება მუშაობა, მაგრამ არ გვაქვს“, – ამბობს სუგნა.

მსგავს სიტუაციაში ყოველდღიურად მილიონობით ინდოელს უწევს ცხოვრება. მდიდრებსა და ღარიბებს შორის უკიდურესად მაღალი უთანასწორობაა.

ყველა ქალაქსა თუ დიდ სოფელში ბაზრების ტერიტორიაზე, იკრიბებიან გაჭირვებული ოჯახები, ოღონდ არა მოწყალების, არამედ სამსახურის მოლოდინში, რათა საკუთარი შრომით გამოკვებონ თავი და ოჯახი. როდესაც ქარხნებსა და კერძო სექტორში სამუშაო ადგილები მცირდება, ახალგაზრდები ცდილობენ საჯარო სექტორში დასაქმდნენ. თუმცა, მათთვის ესეც სანატრელია. ასეთ ვითარებაშია 21 წლის საჰილ რაჯპუტი.

„ჩემს მშობლებს ვაიძულე, რომ ხმა სამთავრობო პარტიისთვის მიეცათ. დამპირდნენ, რომ როდესაც ძალაუფლებას მოიპოვებდნენ, არმიაში სამსახურს მომცემდნენ. თუმცა, მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, დაპირებები დაივიწყეს. ახლა სრულიად უპერსპექტივოდ ვარ“, – აცხადებს საჰილ რაჯპუტი.

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ქარხნებში დასაქმებულმა მუშებმა სამსახური დაკარგეს, ბევრი სოფელში დაბრუნდა და ფერმერობა დაიწყო. თუმცა, უმეტესობისთვის არც ეს გამოდგა წარმატებული. მათ შორისაა 28 წლის კრიშნა კუმარ ბჰარგავი.

„მუდმივად ვფიქრობ რა იქნება ხვალ? მეფიქრება, რომ წარუმატებელი და გამოუსადეგარი ვარ. ვიშოვი თუ არა სამსახურს? ჩემს ოჯახს ჩემი იმედი აქვს. რა დაემართება მათ იმედებს? მეც მაქვს ჩემი ოცნებები. აღარ ვიცი რა გავაკეთო“, – თქვა კრიშნა კუმარ ბჰარგავიმ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, წელს ინდოეთის ეკონომიკა 7,4%-ით გაიზრდება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად აქცევს. თუმცა, ამის პარალელურად იზრდება უმუშევრობაც, რომელმაც გასულ თვეში 7-8%-ით მოიმატა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, ამის მიღმა კი გაცილებით საგანგაშო სიტუაციაა. ამბობს „ინდოეთის ეკონომიკის მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი მაჰეშ ვიასი.

„მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა ხდება დიდ ინდუსტრიებში. განსაკუთრებით აგრო მიმართულებებით. ამის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, თუმცა ეს არ აისახება მოსახლეობაზე. აქ ვხედავთ, რომ პირიქით უკუსვლაა. ბევრი ინდოელი კარგავს სამსახურს და უმუშევრობა საგანგაშოდ იზრდება. ფერმა გთავაზობს დასაქმებას. შეგიძლია ტალახში ცოტა მეტი საქმე გააკეთო და საკუთარ თავს დასაქმებული უწოდო. მაგრამ ეს არ ზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას. ჩვენ გვსურდა ხალხი ფერმებიდან ქარხნებში გადასულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ხელისუფლება ჯერ არაფერს ამბობს უკეთესი გეგმის შესახებ“, – აცხადებს მკვლევარი.

ინდოეთში მდებარე ქარხნებში, სულ 30 მილიონი მოქალაქეა დასაქმებული, რაც საერთო მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია. დასაქმებულთა დიდი ნაწილი მრეწველობის სექტორშია, როგორიცაა ტექსტილი და ტყავის ნაწარმი. მთავრობა ახალი დაპირებებით აქცენტს, სამხედრო მრეწველობასა და ტექნოლოგიებზე აკეთებს, თუმცა ეს ახლო პერსპექტივა არ არის და არაფრის მომცემია ისეთი გაჭირვებულებისთვის, როგორებიც არინ სუგნა, მაჰეში და საჰილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend