მთავარი საქართველო 14 წელი საამაყო და ტრაგიკული ბრძოლიდან

14 წელი საამაყო და ტრაგიკული ბრძოლიდან

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები რუსულ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ

ზუსტად 14 წლის წინ, 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლა იყო. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და ამავდროულად ტრაგიკული ეპიზოდი. მაშინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ეს ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს.

შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე, რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იქ ქართველებს უნდა გაევლოთ. მათ სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე ააფეთქეს პირველი და ბოლო ავტომობილი. უთანასწორო ბრძოლა სწორედ ამის შემდეგ გაჩაღდა.

იქ ქართული ქვედანაყოფის 17 ჯარისკაცი დაიღუპა. 3 დაჭრილი კი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს. გაიყვანეს ისევ გმირებმა, ადამიანებმა, რომლებიც დაჭრილთა გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ.

დღეს, იმ ადგილზე, სადაც 14 წლის წინ ეს უთანასწორო ბრძოლა იყო, მივიდნენ გადარჩენილი ჯარისკაცები და გმირულად დაღუპულთა ოჯახის წევრები. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს, თუ რა ხდებოდა შინდისში 2008 წელს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს მთავრობის წარმომადგენლებმაც.

ნანუკა მეშველაშვილი

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend