უკრაინის სადაზვერვო ნაწილის “ციცინათელების” წევრები უპილოტო საფრენი აპარატებით რუსი ძალების პოზიციებს აკვირდებიან. დისტანციური მართვის დრონებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის სამხედრო ოპერაციებში, განსაკუთრებით მიკოლაივის რეგიონში, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში გამუდმებით ბომბავს რუსეთი.
„ეს არტილერიისა და დრონების ომია. ჩვენ რუსულ არტილერიას ვუმიზნებთ. ეს დრონები ცაში ჩვენი თვალებია. ბევრი რუსია. ჩვენ ახლა მაღალი სიზუსტით შეგვიძლია სროლა“, – ამბობს სადაზვერვო ჯგუფის წევრი.
გასულ კვირას უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავების შესაძენად მათ საერთაშორისო დონორი ქვეყნებისა და კერძო პირებისგან თითქმის 20 მილიონი დოლარი მიიღეს.ფრონტის ხაზზე განთავსებამდე ახალი აღჭურვილობა კიევის გარეუბანში მდებარე აეროპორტში გამოცადეს.
მიკოლაივში სამხედროები დრონების გამოყენებას სწავლობენ. ეს ტექნოლოგია, რომელსაც ადრე გასართობად იყენებდნენ, ახლა რუსეთ-უკრაინის ომის შემადგენელი ნაწილია.