მაშველთა ჯგუფი თავდაუზოგავად ცდილობს უკრაინაში ცხოველთა თავშესაფრიდან იმ ლომების, ვეფხვებისა და სხვა გარეული ცხოველების გადარჩენასა და ევაკუაციას, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დროს მიატოვეს. ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია UA Animals-თან თანამშრომლობით, ომის დაწყებიდან მათ უკვე 300-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს.
ცხოველების გალიაში განთავსებასა და ტრანსპორტირებაში მათ უკრაინელი სამხედროებიც ეხმარებიან. მათთვის შესაფერისი თავშესაფრის პოვნაში პოლონეთის ერთ-ერთი ზოოპარკის ადმინისტრაციაც არის ჩართული. თუმცა, სამწუხაროდ, მოხალისეთა სიმცირეა.
მოხალისე ნატალია პოპოვას თავად მოუწია ბევრი რამის სწავლა, რადგან ფრონტის ხაზზე ვეტერინარები არ არიან. იგი იძულებული გახდა, ანესთეზიის გაკეთებაც ესწავლა, რადგან გაღიზიანებული ვეფხვების, ლომებისა და დათვების სხვა საშუალებით გადაყვანა შეუძლებელია.
პოლონეთში პოზნანის ზოოპარკმა რამდენიმე ცხოველისთვის უკვე იპოვა ახალი თავშესაფარი ესპანეთში, საფრანგეთსა და სამხრეთ აფრიკაში. ზოგიერთი ცხოველი გადაიყვანეს უკრაინის დასავლეთ ნაწილში, სადაც, სხვა ადგილებთან შედარებით, სიმშვიდეა.