მთავარიკუბიაგვისტოს ომის მე-14 წლისთავი - ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურებები

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავი – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურებები

2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში სხვადასხვა განცხადებები კეთდება. ომის წლისთავს ეხმაურებიან როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სხვა თარიღებთან ერთად, 2008 წელიც ნათლად აჩვენებს რუსეთის დაუნდობელ პოლიტიკას.

„1802, 1921, 1992, 2008 – ეს არის თარიღები, რომელიც საქართველოს მუდამ ემახსოვრება. ისინი ნათლად აჩვენებენ რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას. საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმთ, საქართველოს ხელისუფლებამ ტეტიროტიული მთლიანობის აღდგენისთვის გონივრული პოლიტიკა აირჩია.

„14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ. ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – საქართველო გაერთიანდება!“ – წერს პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკემაც. ის ამბობს, რომ მხარს უჭერს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

განცხადება გააკეთეს ასევე ევროპარლამენტარებმა და საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა. ისინი კიდევ ერთხელ გმობენ რუსულ აგრესიას და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„14 წლის წინ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ ომის შედეგები დღეს ნათლად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსულმა აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, ხელი შეუწყო ყირიმის ანექსიას 2014 წელს და სრულფასოვან, არალეგალურ, გაუმართლებელ და უსაფუძვლო აგრესიულ ომს უკრაინაში 2022 წელს“, – აღნიშნავენ ევროპარლამენტარები განცხადებაში.

აგვისტოს ომის წლისთავს ეხმაურება უკრაინის საელჩოც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოახდინოს, ხოლო რუს ომის დამნაშავეებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

„საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მსოფლიო თანამეგობრობის სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია, 2014 წელს რუსეთმა აგრესიული ქმედებები ოკუპირებულ ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილში გააგრძელა, 2022 წლის 24 თებერვალს კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო“, – აცხადებენ უკრაინის საელჩოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend