მთავარი ევროპა უნგრეთი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს დაიწყოს მოსკოვთან მოლაპარაკებები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს დაიწყოს მოსკოვთან მოლაპარაკებები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. იგი კონსერვატიული ალიანსის პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციას ესწრება. ტეხასში გამართულ კონფერენციაზე ორბანმა ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ ომთან დაკავშირებით დროულად დაიწყოს მოსკოვთან მოლაპარაკებები.

პრემიერის განცხადებით, ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩადის უნგრეთში.

„უკრაინიდან შემოსული ლტოლვილები უმეტესობა შემდგომ ევროპაში მიდის. თუმცა 10-მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონი ლტოლვილის შემოსვლა ძალიან ბევრია,” – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მას მიაჩნია, რომ ომის დასრულების საუკეთესო გზა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებაა. ამისთვის კი მათ ძლიერი ლიდერები სჭირდებათ.

“ჩემი აზრით, მსოფლიო ლიდერების დღევანდელი სტრატეგია ომს უფრო აძლიერებს და ახანგრძლივებს, მშვიდობის დამყარების შანსს კი ამცირებს. ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გარეშე უკრაინაში მშვიდობა არასოდეს დამყარდება. უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და დაიტანჯება, ჩვენი ეკონომიკა კი კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდება. მე ვერ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ. ეს თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა. თუმცა შემიძლია, ერთი რამ გირჩიოთ. მხოლოდ ძლიერ ლიდერებს შეუძლიათ მშვიდობის დამყარება. ჩვენ, უკრაინის სამეზობლოში, ძალიან გვჭირდება ძლიერი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით”, – თქვა ვიქტორ ორბანმა.

ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ინფორმაციით, თებერვლიდან დაახლოებით ექვს ნახევარი მილიონი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა ევროკავშირში. ლტოლვილთა დიდი ნაწილი უკრაინის მეზობელ ქვეყნებში მიდიოდა, იქიდან კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადადიოდა. სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის ლტოლვილთა ნახევარი უკვე დაბრუნდა უკრაინაში.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend