რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთი ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა დატოვა. რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება საქართველოშიც, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აშფოთებს.
დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია სოციალურ ქსელებში, სადაც გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, როდესაც მოქალაქეები ითხოვდნენ ტრანსპორტში რუსული მუსიკის გათიშვას, საკვებ დაწესებულებაში კი მომსახურე პერსონალისგან ქართულის ცოდნას.
ზოგიერთი დაწესებულება კი პირიქით, რუსეთის მოქალაქეებისთვის გარკვეულ მოთხოვნებს აწესებს.
მმართველი პარტიაში კი ნაციონალურ მოძრაობას ქსენოფობიური კამპანიის წამოწყებაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე კანონმდებლობას გაამკაცრებენ.
“ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვთ, ქსენოფობია და შოვინიზმი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანიც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა”, — განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კი საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას მართებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობით მტრული ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს.
“ქართული საზოგადოების დადანაშაულება ქსენოფობიაში არის უსინდისო ტყუილი, აქ წარმოშობაზე, ეთნიკურობაზე საუბარი არაა, საუბარია მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებზე და დიდი რაოდენობით მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ეროვნულ ინტერესებს. ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლის ქსენოფობიაში დადანაშაულება რთული და შეუძლებელიც კია, შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შესვლა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რატომ? იმიტომ რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია”, — განაცხადა პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ქსენოფობიურ ინციდენტებზე ინფორმაცია არ აქვთ და თუ ექნებათ, აუცილებლად გამოიძიებენ. ის ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება მისთვის გასაკვირი არ არის.
სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას არ უკვირს საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება. ამასთანავე, ამბობს, რომ თუ ინფორმაციას მიიღებენ ქსენოფობიით მოტივირებულ ინციდენტზე, რეაგირება აუცილებლად ექნებათ.
“8 აგვისტო მოდის და არ ვიცი რატომ უკვირთ იმ ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად, როდესაც რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, რომელიც თავს დაესხა უკრაინას, მიკვირს რატომ უკვირთ მმართველი პარტიის პოლიტიკოსებს, რომ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ რუსეთის ხელისუფლებისა და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათ თავიანთი ქვეყანა დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.