ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც უკრაინაში მდებარეობს, ვითარება სრულიად უკონტროლოა.
გაეროს ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე, რომელიც რუსებმა მარტში უკრაინაში შეჭრისთანავე დაიკავეს, ვითარება ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ნებისმიერი ატომური ელექტროსადგურის გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის გასათვალისწინებელია სხვადასხვა პრინციპი თუ ნორმა. თუმცა, მისი თქმით, ზაპოროჟიაში ყველა დადგენილი წესი ირღვევა.
გროსი მიმართავს როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარეს, რომ სწრაფად მიეცეთ კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება, რათა დაასტაბილურონ ვითარება და თავიდან აიცილონ ბირთვული ავარია.
ფრონტის ხაზზე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათმა რაკეტებმა გაანადგურეს იარაღი, რომელიც პოლონეთმა უკრაინას, ლვივის რეგიონს, გადასცა.
იმავე დღეს უკრაინელებმა გაავრცელეს ვიდეო, თუ როგორ იყენებენ ისინი ამერიკულ სარაკეტო სისტემებს.
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, ორივე მხარე ისეთ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. რუსეთი არ წყვეტს სარაკეტო იერიშს, უკრაინა კი თავის ბაზებსა და საბრძოლო სისტემებს დასახლებულ პუნქტებში ათავსებს.
ამავდროულად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის, კერძოდ კი იმ თანხისთვის, რომელიც უკრაინის აღსადგენადაა გამოყოფილი.