მთავარისაქართველოინიციატივა უკრაინელი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის

ინიციატივა უკრაინელი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ინიციატივით სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელოვანები გამოდიან.
საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრებას უზრუნველყოფდა. შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და პენსიონერები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.
სასტუმროებიდან გამოსახლებული უკრაინელთა ნაწილი, საქართველოს მოქალაქეების დახმარებით დროებით დაბინავდა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის თუ სად და როგორ იცხოვრებს უკრაინის ათასობით მოქალაქე საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდმა“ ორი აგვისტოდან საგანგებო ანკეტის მეშვეობით საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი უკრაინელების აღრიცხვა დაიწყო.
„ღია საზოგადოების ფონდმა“ ასევე გახსნა ანგარიში, სადაც შემოწირულობის გაკეთება და უკრაინელების დახმარება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად, ღია საზოგადოების ფონდი 150 000 ლარს გამოყოფს. ეს თანხა მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

ღია საზოგადოების ფონდთან ერთად უკრაინის მოქალაქე დმიტრო კორენი აგროვებს და ამუშავებს დახმარების მაძიებელი უკრაინელების მონაცემებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. 2022 წლის 2 აგვისტოდან, მონაცემების შეგროვების პირველივე დღეს, მათთან 100-მდე განაცხადი შევიდა. ორ დღეში კი ეს რიცხვი 345-მდე გაიზარდა.

“საქართველოში ლტოლვილთა ურთულესი კატეგორია მოხვდა. ესენი არიან ლტოლვილები მარიუპოლიდან, ჰერსონიდან- თითქმის მთელი ზაპოროჟიედან. ამ უკრაინელებს, რომელთა სახლები და ცხოვრება დანგრეულია, დასაბრუნებელი არსად აქვთ. უკრაინიდან ლტოლვილთა დაახლოებით 77 პროცენტს თქვენი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს ადამიანები საქართველოში ინტეგრაციას ცდილობენ. მათი 81% ბავშვებიანი ქალია, ოჯახების 16%-ს აქვს დამატებითი სპეციალური საჭიროებები. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ფონდს და მზრუნველ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარნენ დროებითი თავშესაფრის მიცემაში ყველაზე მეტად გაჭირვებულ უკრაინელებისთვის.”- ამბობს უკრაინის მოქალაქე, დმიტრო კორენი.

ჯერჯერობით უცნობია იმ უკრაინელთა რიცხვი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, დროებით საცხოვრებელზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 2000-ს მიაღწევს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend