მთავარი საქართველო ევროკომისიის რეკომედაციების შესასრულებლად პარლამენტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ევროკომისიის რეკომედაციების შესასრულებლად პარლამენტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

უკვე თვე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიისგან 12-პუნქტიანი რეკომენდაციები მიიღო. შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. იქამდე კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო კოდექსი, ანტიკორუფციული ღონისძიებები და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება – სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჯგუფები იმუშავებენ. პროცესში ოპოზიციის ნაწილია ჩართული.

„მიმაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამომავლოდ არავის მივცეთ დამატებითი არგუმენტები, განსაკუთრებით მმართველ პარტიას, რომ შეგვეძლო პროცესის მიმართ ვყოფილიყავით უფრო მოქნილები და ეს არ გამოვიყენეთ“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.

„ამ საკითხთან პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემა, შესაბამისად, ნებისმიერ პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ ვიქნებით ჩართული“, – აღნიშნა „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

„რეალურად, არის ორი პარალელური პროცესი, მაგრამ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ვამბობთ უარს და ვაპირებთ, რომ ჩართული ვიყოთ საკომიტეტო მოსმენებში. ამიტომ რაც არ უნდა ორი პარალელური პროცესი იყოს, ამ პროცესების დასრულება არის საკომიტეტო მოსმენებში, სადაც უკვე შეზღუდული არ იქნება არც ოპოზიციის მონაწილეობა. ამ ეტაპზე, სანამ არ არის განსაზღვრული, როგორ მუშაობს სამუშაო ჯგუფი, მე ამ ეტაპზე, ამ ჯგუფებში ჩართული არ ვარ“, – თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ პროცესში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლებას მუდმივად შეახსენონ, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ასევე მიაჩნიათ, რომ ამ პერიოდის გამოყენება უფრო ნაყოფიერად შეიძლებოდა, თუმცა, ამბობენ, რომ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, რომ ფუნდამენტური რეფორმების თვალსაზრისით ნაბიჯები გადაიდგას, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ევროკავშირისთვის.

„ჩვენ წევრი სახით ვიქნებით ჩართული მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში. ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობა არის საკმაოდ დიდი, სწორედ იმის გამო, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლება ნათლად არ აცხადებს, რომ სურს მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება და გარკვეული მიმართულებით ვხედავთ, ისინი ცდილობენ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ თქვან, რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ, პირიქით, ჩვენი როლი აქ ძალიან დიდია, რომ ხელისუფლებას მუდმივად შევახსენოთ, რომ ეს ნაბიჯები გადასადგმელია“, – აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება არის შეცდომა, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დაუშვა.

„ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის აქტიური მუშაობა. შესაბამისად, ამ პროცესების ბოიკოტირება არის უზარმაზარი შეცდომა, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დაუშვა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ რაც უფრო დროულად იქნება მათი მხრიდან ეს შეცდომა აღიარებული და ამ მიმართულებით მიდგომები შეცვლილი, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს. იქამდე კი საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იმართება, სადაც დეპუტატები ერთმანეთს საკუთარ პოზიციებს უზიარებენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend