მთავარიაზიატაივანინენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ, პეკინი და ვაშინგტონი რეგიონში სამხედრო მანევრებს ატარებენ

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ, პეკინი და ვაშინგტონი რეგიონში სამხედრო მანევრებს ატარებენ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც ტაივანს სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევს, ამ ვიზიტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.

ამერიკელმა პოლიტიკოსმა უკვე დატოვა ტაივანი და სამხრეთ კორეაში გაემგზავრა აზიური ტურნეს ფარგლებში, მაგრამ უცნობია, რა შედეგი მოჰყვება ამ ვიზიტს, ვინაიდან ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ამ ნაბიჯისთვის შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევდა.

“რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა შესაძლო არხის გამოყენებით ჩვენ ამერიკულ მხარეს ვეუბნებოდით, რომ პეკინი ეწინააღმდეგებოდა ქალბატონი პელოსის ტაივანში ვიზიტს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ტაივანელი სეპარატისტებისათვის ეს არაფრისმთქმელი სიტყვები იყო. გამომდინარე აქედან, ჩვენი შეიარაღებული ძალები ამერიკელებსა და ტაივანელ სეპარატისტებს იმ ენაზე დაელაპარაკებიან, რომელიც მათთვის ამჯერად უფრო გასაგები იქნება“, – განაცხადა ჰუა ჩუნინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

თავად ამერიკელმა პოლიტიკოსმა კი ტაივანში ვიზიტისას განაცხადა, რომ პეკინი ვერავის დაუშლის ტაივანში ჩასვლას.

“მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ტაივანს  სხვადასხვა საერთაშორისო პროცესში მონაწილეობაში ხელს უშლის, პეკინი ვერავის დაუშლის ტაივანში ჩამოსვლას. ჩემი ვიზიტი ტაივანში მეგობრობისა და პარტნიორობის დასტურია. ჩემი ვიზიტის მიზანია, ვიპოვოთ გზები ტაივანთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიმაჩნია, რომ პეკინმა არაფრისგან შექმნა კრიზისი. ალბათ ჩემი რანგის გათვალისწინებით ან თუნდაც იმიტომ, რომ ქალი ვარ, პეკინში არაფერი უთქვამთ, როდესაც აქ ამერიკელი კაცი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ“, – ამბობს ნენსი პელოსი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კი 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით ტაივანის სიახლოვეს, ზღვასა და ჰაერში, სამხედრო მანევრებისთვის ემზადებიან. სახმელეთო მანევრები კი ტაივანთან ახლოს, ფუძიანის პროვინციაში, გაიმართება. საერთო ჯამში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წვრთნები ტაივანის გარშემო 6 ადგილას ჩატარდება.

სამხედრო მანევრებს მართავენ დასავლური და მათი მოკავშირე სამხრეთ-აღმოსავლური სახელმწიფოებიც. წლევანდელ წვრთნებში ამერიკის შეერთებული შტატების, ინდონეზიის, ავსტრალიის, იაპონიისა და სინგაპურის 5 ათასი სამხედრო მიიღებს  მონაწილეობას.

დაგეგმილი წვრთნები  2009 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია და ის 14 აგვისტოს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend