აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ აზიური ტურნეს ფარგლებში ორშაბათს, 1 აგვისტოს სინგაპურში გამართა შეხვედრა. ნენსი პელოსი შესაძლოა, ტაივანშიც ჩავიდეს.
“Wall Street Journal-ის” ინფორმაციით, ნენსი პელოსი მიმდინარე კვირას ტაივანსაც ეწვევა. ჩინეთი კი ასეთი ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა ამერიკული და ტაივანური მედია იუწყება, რომ ეს ვიზიტი დღეს, 2 აგვისტოს უნდა შედგეს.
ჩინეთი კიდევ ერთხელ აფრთხილებს შეერთებულ შტატებს, არ გამართონ ეს ვიზიტი. ჩინეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან, დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ჟაო ლიჟიანი აღნიშნავს, რომ ჩინეთი კიდევ ერთხელ აფრთხილებს შეერთებულ შტატებს, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია განზე არასდროს გადგება.
„გერმანული მარშალის ფონდის“ აზიის პროგრამის დირექტორი ბონი გლეიზერი ამბობს, რომ ჩინელების პირად საუბრებში მწვავე გაფრთხილებები ისმის. იგი დარწმუნებულია, მათი შემდგომი ქმედება უპრეცედენტო იქნება. მათ ახსოვთ, როგორ ისროლეს ჩინელებმა 1996 წელს ტაივანის გარშემო რაკეტები. ეს ძალიან სახიფათო იყო მაშინდელი შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით. მისი აზრით, ამჯერად ჩინელები უფრო პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამენ.
ტაივანელებმა ჩაატარეს რამდენიმე სამხედრო წვრთნა, რომლებშიც ისინი ჩინეთის იმიტირებულ თავდასხმებს იგერიებდნენ. ჩინეთი და ტაივანი 1949 წელს მას შემდეგ გაიყო, რაც კომუნისტებმა სამოქალაქო ომი მოიგეს.