მთავარი საქართველო „მაინც ის ადგილი მესიზმრება“ - ეკომიგრანტები საქართველოში

„მაინც ის ადგილი მესიზმრება“ – ეკომიგრანტები საქართველოში

ნუგზარ გიგანმა მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად მშობლიური მხარე 20 წლის წინ დატოვა და წალკაში დასახლდა. იგი სვანეთიდანაა, სოფელ მულახიდან. 2002 წელს მულახში  ზვავი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გიგანების ოჯახი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა და ცხოვრებისათვის უსაფრთხო გარემო ეპოვა.

„ნავერიანების მთელი გვარი თითქმის მთლიანად ამოწყდა. მერე გვეშინოდა, ასეთ ზვავებში საშიშროების წინ ვიდექით და იმის გულისთვის, შვილები სამშვიდობოს გადმოვიყვანე.

მაინც ის ადგილი მესიზმრება, ეტყობა ასე რჩება გონებაში, სიზმარშიც ის გესიზმრება ნოსტალგია რისიც გაქვს“, – ამბობს ნუგზარ გიგანი.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთში 180-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია – ყველა მათგანის ამბავი ერთმანეთის მსგავსია. გარემო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, უსაფრთხო აღარ იყო, რის გამოც მშობლიური კუთხიდან შორს წასვლა და ახალ გარემოსთან შეგუება მოუწიათ.

“ჩვენ რომ აქ ჩამოვედით სოფელი თითქმის დაცლილი იყო ბერძნებისგან, ეს ბერძნების სოფელი იყო. სადაც შევსახლდით ეს ეკომიგრანტები, რომელ სახლებშიც, გადავარჩინეთ  ეგ სახლები, სადაც არ შესახლებულან, კრამიტით იყო  ყველა გადახურული  85-90 პროცენტი და ამ წყალმა, თოვლმა დაალპო, მაგის გამო დაინგრა ეგ სახლები.

მარტივი აქ არაფერია, ძალიან მძიმე შრომის ფასად ვარსებობთ ასე რომ ვთქვათ, სოფლის მეურნეობა რა… ძირითადად მესაქონლეობა, კარტოფილი მოგვყავს და ეგ არის ძირითადი. სამწუხაროდ, ვერ ვიკმაყოფილებთ მაღალ მოთხოვნილებებს ამ შრომით, საარსებო მინიმუმზეც კი ვერ ვართ“, – ამბობს სერგი ნაკანი

საქართველოში ეკომიგრანტები ძირითადად სვანეთიდან და აჭარიდან არიან. ამ რეგიონებში მოსახლეობა დღემდე შეშაზეა დამოკიდებული. ორგანიზაცია CENN-ის ტყის პროგრამის ხელმძღვანელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ მიწის ეროზიას ტყეების მასშტაბური გაჩეხვა იწვევს.

„ტყეები ქმნიან ბალანსს , რომელიც მიწის ეროზიისგან გვიცავს  და ქმნის ნიადაგდაცვით ღირებულებას და ფუნქციას. სამწუხაროდ, ჩვენი ტყეები ძლიერად დეგრადირებულია, ამის გამო მდინარეთა აუზებში გვაქვს ყველგან პრობლემები. გასულ წლებში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა ათამდე მდინარის აუზის კვლევა და ჩვენ დავაფიქსირეთ ძალიან მძიმე სურათი, მათ შორის მეწყრების და ეროზიების მიმართულებით. ფაქტობრივად მომწიფებულია ბევრ აუზში მდგომარეობა იმისთვის, რომ მოხდეს ფორმირება ღვარცოფული ნაკადების და უკვე ეს ღვარცოფული ნაკადები დამიზნებულია მჭიდროდ დასახლებულ ზონებზე, მათ შორის რეგიონულ ცენტრებზე”

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს ინფორმაციით  საქართველოში 6 312 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული. მათი ნაწილი დღემდე საფრთხის შემცველ ზონაში ცხოვრობს და განსახლების მოლოდინშია.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend