ჩეხეთის რესპუბლიკაში, ეროვნულ პარკში, რომელსაც ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად 1100 ჰექტარი მიწის ფართობი დაზიანდა. ქვეყნის ჩრდილოეთში ტყის ხანძრები კვირაზე მეტია მძვინვარებს. მეხანძრე-მაშველები იმედს არ კარგავენ, რადგან სახანძრო სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ, შედეგის მომცემია.
ზოგიერთი რაიონის მცხოვრებლებს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს, სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. ხანძრებს ამ დრომდე 750-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
ჩეხეთის სახანძრო სამსახურის სპიკერი მარტინა გოცოვა ამბობს, რომ ხანძრის ქრობის პროცესში დილიდანვე ჩართულია მათ ხელთ არსებული საჰაერო-სახანძრო ტექნიკა: 6 ვერტმფრენი და 5 თვითმფრინავი.
ხანძრის კერებია ახლომდებარე საქსონიის შვეიცარიულ ნაკრძალშიც გერმანიაში. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ გასულ უქმეებზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. პოლიცია ახლა ტყის მასივში ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. არსებობს ვარაუდი, რომ ტყეში ხანძარი განგებ გააჩინეს. ბოლო ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძრის რამდენიმე კერის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.