შეერთებული შტატების ეკონომიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ინფლაციის გამო რთულ მდგომარეობაშია.
თუმცა ეკონომიკას ჯერჯერობით რეცესია არ ემუქრება. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა ისაუბრა იმ მონაცემებზე, რომლებიც აპრილიდან ივნისამდე მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას უკავშირდება.
ეკონომისტთა და ამერიკელების უმრავლესობა რეცესიას ერთნაირად განმარტავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შემცირება და მასობრივი დათხოვნა, ამ დროს მცირდება კერძო სექტორის აქტივობა და მოქალაქეების საოჯახო ბიუჯეტი, რაც ეკონომიკის დასუსტებას გულისხმობს. თუმცა ჯანეტ იელენის თქმით, ამჟამად სხვა ვითარებაა, რადგან აშშ-ში კვლავ იქმნება სამუშაო ადგილები, მოქალაქეთა ფინანსური მდგომარეობა ისევ მყარია, მომხმარებლები ხარჯავენ თანხას და ბიზნესებიც იზრდება.
8 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისას ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ფაქტორი. სწორედ არჩევნები გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა კონგრესში ჯო ბაიდენის დემოკრატიული პარტია უმრავლესობას.
შეერთებულ შტატებში მზარდმა ინფლაციამ და მოსალოდნელმა რეცესიამ მომხმარებელთა თავდაჯერებულობა შეარყია. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი ეკონომიკის მდგრადობასთან დაკავშირებით.