კრემლის ტრადიციას არ არღვევს და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს უკრაინულ მხარეს აბრალებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ კიევის ბრძანებით თავდასხმის შედეგად შენობა, რომელშიც რუსული მხარის მიერ აზოვის ბატალიონის ტყვედ აყვანილი სამხედროები იმყოფებოდნენ განადგურდა, დაიღუპა 40 ტყვე, 75 კი დაიჭრა.
“ამ ეტაპზე ბევრი უკრაინელი სამხედროა მზად იარაღი დაყაროს და ტყვედ ჩაბარდეს, მათ იციან რომ ჩვენ მათ ადამიანურად მოვეპყრობით. ეს თავდასხმა უკრაინული მხარის პროვოკაციაა და მათი მიზანია რომ უკრაინელი ჯარისკაცები ტყვედ აღარ ჩაგვბარდნენ. თავდასხმის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის გენშტაბის პრესმდივანი იგორ კონაშენკოვი.
კიევში ამბობენ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე მათ იერიში არ მიუტანიათ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტს ეწვია. სახელმწიფოს ლიდერი ანკარას შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში პორტიდან ხორბლის ექსპორტის მოსამზადებელ პროცესს დაესწრო.
„ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი ხომალდია, რომელიც ხორბლით დაიტვირთა. ეს თურქული გემია, პროცესი დაწყებულია. მთავარია რომ პორტი ამუშავდა, ხალხი მუშაობს, როგორც ხედავთ აქ ბევრი ადამიანია, ყველას უხარია სამსახურის ისევ დაწყება”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ოდესასთან ახლოს მდებარე ქალაქი მიკოლაევი ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს, შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა.