შეერთებული შტატებისა და ჩინეთის – მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ზრდის შენელებისა და მზარდი ინფლაციის შედეგად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.2 პროცენტამდე შეამცირა.
ფონდში ასევე ვარაუდობენ, რომ მაღალი ინფლაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეიძლება მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ზღვარზე აღმოჩნდეს, თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი პიერ-ოლივიე გურენშა ამბობს, რომ გლობალური ეკონომიკა შეფერხებულია პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.
საზოგადოება გაურკვეველი და არასახარბიელო მომავლის წინაშე აღმოჩნდა. მისი თქმით, წლევანდელი გლობალური ეკონომიკური ზრდა 3.2 მეათედ პროცენტამდე, მომავალ წელს კი 2.9 მეათედ პროცენტამდე შემცირდება.
ამავდროულად, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.6 პროცენტი, ხოლო განვითარებადი ქვეყნების 9.5 პროცენტი იქნება. პიერ-ოლივიე გურენშა აღნიშნავს, რომ ამჟამად მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკა, შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ევროკავშირისა ფაქტობრივად, გაჩერებულია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე მათი ბოლო პროგნოზები განსაკუთრებით ბუნდოვანია, რადგან ამ დაპირისპირებამ მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოიწვია ფასების ზრდა ენერგომატარებლებსა და სურსათზე.
ეს კი ინფლაციის მაჩვენებელს გაზრდის, რაც მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას გამოიწვევს.