მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი დასკვნა, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების წყაროს უკავშირდება. მათი თქმით, ვირუსი ვუჰანის ზღვის პროდუქტებისა და გარეული ცხოველების ბაზრიდან გავრცელდა. ამიტომ უნდა შეიცვალოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების მიზეზი, სავარაუდოდ, ლაბორატორია იყო.
მეცნიერების დასკვნებში, რომლებიც ჟურნალ ,,საიენსში” გამოქვეყნდა, წერია, რომ სულ მცირე ორი შემთხვევა იყო დადასტურებული, რომ ვირუსი ცოცხალი ცხოველებიდან გადავიდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ ან გარკვეულ პროდუქტებს ყიდულობდნენ. მათ ასევე ისაუბრეს იმ კვლევის შედეგებზე, რომელთა მიხედვითაც, ვუჰანში ჰოსპიტალიზებული ასობით პაციენტიდან მხოლოდ 50-ს ჰქონდა პირდაპირი კავშირი ცხოველების ბაზართან. მათი განმარტებით, ამის მიზეზი პაციენტების მსუბუქი სიმპტომები იყო. ვირუსი იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა საზოგადოებაში, რომ მძიმე შემთხვევების დაკავშირება ინფიცირების წყაროებთან თითქმის შეუძლებელი იყო.
ვირუსის მატარებელ ცხოველებს მიეკუთვნებიან ღამურა, მელა და სხვა ცოცხალი ძუძუმწოვრები, რომლებიც ბაზარში იყიდებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის დასაწყისში პანდემიის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოში COVID-19-ის 566 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რასაც 6 მილიონ 300 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.