გლობალური დათბობით გამოწვეული მაღალი ტემპერატურის გამო აქტუალური საკითხი გახდა დასაქმებულთა დაცვა და უსაფრთხოება.
მაღალი სიცხის გამო ყველაზე მეტად გარე სივრცეში მომუშავე ადამიანები ზარალდებიან. ბევრ ადამიანს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგიერთი გონებასაც კარგავს. არის გარდაცვალების შემთხვევებიც.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ევროპის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია მოითხოვს, მთელი კონტინენტისთვის შემუშავდეს ერთიანი კანონი, რომელიც მუშაობისთვის მაქსიმალურ ტემპერატურას განსაზღვრავს.
ამ მომენტში ასეთი კანონი ევროპის მხოლოდ 6 ქვეყანაში მოქმედებს. უნგრეთში მუშაობისთვის დაშვებული მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსია, ბელგიაში – 29, ლატვიასა და სლოვენიაში 28, მონტენეგროში – 36 გრადუსი. ესპანეთში მაქსიმალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 27 გრადუსს, თუმცა ეს არ ეხება ყველა დასაქმებულსა და სამუშაო ადგილს.
თუმცა, როგორც ჯანმოში აცხადებენ, მუშაობისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 16-დან 24 გრადუსამდე უნდა იყოს.
კვლევის მიხედვით, როდესაც ტემპერატურა 30 გრადუსს სცდება, მუშაობის დროს უბედური შემთხვევების რისკი 7 პროცენტით იმატებს, 38-ს ზემოთ კი ეს მაჩვენებელი 15 პროცენტამდე იზრდება.
კლიმატის კრიზისის გათვალისწინებით, აუცილებელია მყისიერი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ევროპას წელს უპრეცედენტოდ ძლიერი სიცხე და ტყის ხანძრები დაატყდა თავს. გასულ კვირას ესპანეთში ძლიერ სიცხეს 2 პირი ემსხვერპლა.
საფრანგეთში კი, სადაც საერთოდ არ არსებობს მსგავსი კანონი, 2021 წელს მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობისას 12 ადამიანი გარდაიცვალა.