მთავარისაქართველოსაქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი

საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი

საქართველოში ამაყობენ, რომ ქვეყანა წყლის რესურსებით არის მდიდარი. ქვეყანაში 25 000-ზე მეტი მდინარეა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი. ეს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ონკანის წყალს არ სვამს, ნაწილი სხვადასხვა ხერხს მიმართავს მის გასაფილტრად, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურაა.

“ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემა, ანუ სათავე ნაგებობები და ქსელი არის მწყობრიდან გამოსული, თუმცა ამას ემატება სხვა ცვლადებიც, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, ტყეების გაჩეხა, რაც თავისთავად უკვე დიდ გავლენას ახდენს წყალმომარაგებაზე და კონკრეტულად წყლის რესურსზე”, — აცხადებს CENN-ის წარმომადგენელი ვახტანგ ქოჩორაძე.

ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილიც წყალმომარაგებას ასახელებს პირველ პრობლემად, არამარტო რეგიონულ ქალაქებსა და სოფლებში, არამედ თბილისშიც. მისი თქმით, პრობლემაა ფინანსების მოძიება და არასაკმარისი ადამიანური რესურსი.

“ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ წყალმომარაგება ნომერ პირველი პრობლემაა როგორც დედაქალაქის მასშტაბით, ასევე რეგიონულ ქალაქებსა და სოფლებში. ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთი რეგიონული სოფელი და ქალაქი არ არის ათვისებული, არ არის იქ განვითარებული წყალმომარაგების ქსელი, არ გვყავს ლიცენზიატი კომპანია, შესაბამისად მუნიციპალიტეტებს უწევთ თავიანთი ძალებით რესურსების მოძიება. ეს არის ინვესტიციების განხორციელების საკითხი, ინვესტიციას სჭირდება საკმაოდ დიდი თანხის მობილიზება, რაც სამომავლოდ შეიძლება ტარიფშიც აისახოს, რომელიც თავისთავად მოსახლეობის ჯიბეს აწვება, შესაბამისად ეს ყველაფერი მხოლოდ ეტაპობრივად შეიძლება გადაწყდეს”, — ამბობს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის, ერთ-ერთი ის არის სწორედ, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი უსაფრთხო სასმელ წყალზე. ამ თარიღამდე მსოფლიოს 8 წელიწადი აშორებს და ჯერ კიდევ 2 მილიარდ ადამიანს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, 4-დან ერთ ადამიანს, უსაფრთხო სასმელი წყალი არ აქვს.

დავით კეკენაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend