მთავარიაზიაავღანეთიUN: ავღანეთში ქალთა მდგომარეობა „თალიბანის“ პირობებში უკიდურესად მძიმეა

UN: ავღანეთში ქალთა მდგომარეობა „თალიბანის“ პირობებში უკიდურესად მძიმეა

ავღანეთში ქალთა უფლებები, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ საფრთხე ემუქრებოდა, ახლა ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამის შესახებ განცხადება გაეროს წარმომადგენელმა „თალიბების“ მიერ კონტროლირებად ქვეყანაში გააკეთა. ელისონ დავიდიანის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, ავღანეთში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხი გაუარესდა.

“ავღანეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გოგონებს ეკრძალებათ საშუალო სკოლაში სიარული. ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, გარდა რამდენიმე სექტორისა. კაბინეტში ქალები არ არიან და არ აქვთ უფლება, დაიკავონ მაღალი თანამდებობა და მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა“, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ელისონ დავიდიანმა.

გასული წლის აგვისტოში „თალიბანის“ მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და აშშ-ისა და ნატოს ძალების გაყვანის შემდეგ,  ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ინკლუზიურ მთავრობაში ქალებიც იქნებოდნენ ჩართული, თუმცა ამ დრომდე ეს პირობა არ შეუსრულებიათ.

„როდესაც ქალები 78 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოგზაურობენ, აუცილებელია ჰყავდეთ მოძღვარი, რომელიც მამრობითი სქესის წარმომადგენელი იქნება.  მათ ასევე ეკრძალებათ სახის გამოჩენა საჯაროდ. ეს შეზღუდვები ზღუდავს ქალების უნარს, გამოიმუშაონ არსებობისთვის საჭირო თანხა, ჰქონდეთ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, მიიღონ განათლება და შეძლონ ძალადობისგან თავის დაღწევა და თავიანთი უფლებების რეალიზება“, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

გაეროში ამბობენ, რომ ეს საგანგაშო სიტუაციაა მსოფლიოსთვის, რადგან სულ უფრო მეტად ირღვევა გენდერული უფლებები ავღანეთში.

„თალიბანი“ ემზადება, რომ ძალაუფლების მოპოვების წლისთავი აღნიშნოს. თუმცა არცერთ ქვეყანას ჯერჯერობით არ უღიარებია ავღანეთის მთავრობის ლეგიტიმურობა, რადგან ქაბულში ადამიანის უფლებები არ არის სათანადოდ დაცული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend