რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარყოფს ბრალდებას, რომ მოსკოვმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით სასურსათო კრიზისი გამოიწვია მთელ მსოფლიოში.
კაიროში არაბული ქვეყნების ლიგის ელჩებთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნები სიმართლეს ამახინჯებენ.
სერგეი ლავროვის თქმით, სიმართლის დასადგენად ყველამ უნდა გადახედოს მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, სირთულეები სასურსათო ბაზარზე კორონავირუსის პანდემიის დროიდან დაიწყო.
სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ პანდემიამ შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები და ურთიერთობები.
რუსმა უმაღლესმა დიმპლომატმა თავისი ეგვიპტელი კოლეგა დაარწმუნა, რომ მას არ შეექმნება პრობლემა რუსულ მარცვლეულთან დაკავშირებით.
გასულ წელს ეგპიტემ ხორბლის 80 პროცენტი რუსეთისა და უკრაინისგან შეიძინა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მარცვლეულის მიწოდება, რადგან ათასობით ტონა უკრაინული მარცვლეული შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი. მარცვლეულის ბლოკირებამ უფრო მეტად გააღრმავა მიწოდებასთნ დაკავშირებული პრობლემები.
გასულ კვირას მიიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა რამდენიმე საათში რუსულმა ძალებმა ოდესის პორტში გარკვეულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
მოგვიანებით რუსეთმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე უკრაინული სამხედრო ხომალდი და შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული შეიარაღება იყო.
ლავროვი ვიზიტს მართავს ასევე უგანდაში, ეთიოპიასა და კონგოში. მისი მიზანია, აფრიკულმა ქვეყნებმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსეთს დაუჭირონ მხარი.