მთავარისაქართველოსამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრები კვლავ გრძელდება

სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრები კვლავ გრძელდება

რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად – სწორედ ეს არის მთავარი განსახილველი საკითხი, რაზეც „ქართული ოცნების“ პარალელურად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში მსჯელობენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე, საქმიანი პროცესის შედეგად, სესიისთვის მომზადებული იყოს შეჯერებული ხედვა სხვადასხვა მიმართულებით.

„ძალიან ბევრი საკითხია გასავლელი. ამიტომ შევთანხმდით – ერთი ბლოკი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ბარიერთან დაკავშირებით. მეორე, დიდი ბლოკი, ეს არის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც იქნება მრავალკომპონენტიანი, დაკომპლექტების წესიდან დაწყებული, რაც არ არის შესრულებული ჯერ კიდევ, 19 აპრილის შეთანხმება, გაგრძელებული გოგაშვილის ფაილების რეაგირება კანონით, ანუ გოგაშვილის ფაილებში რაც არის მოცემული, ეს ტოტალური გაყალბებისა და ძალადობის მექანიზმები, რეფორმირება ხომ უნდა მოხდეს ისე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ეს პროცესები, საბოლოო ჯამში, ერთ წერტილში უნდა გადაიკვეთოს და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, სამოქალქო სექტორის ჩართულობით, ერთად უნდა ისაუბროს.

„ხელისუფლების მიმართ ნდობა დაბალია, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს, თუმცა, ამ პროცესში ხელისუფლება ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა მარტო არ უნდა დატოვოს. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს და აქ ვინმეს ენდობი თუ არა, ამაზე არაა საუბარი, წლის ბოლომდე გეგმა გვაქვს შესასრულებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ პროცესში ვიყოთ და ხელისუფლებას მუდმივად შევახსენოთ, რა აქვს გასაკეთებელი და ამ პროცესში მარტო არ დავტოვოთ“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

ალტერნატიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არ მიესალმებიან მმართველ პარტიაში. მეტიც, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი საკონსტიტუციო ფორმატიდან ამოვარდნილია.

„თუ ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება, გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს რადიკალიზმის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა, პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია. ვინაიდან ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება. რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა. ამ ჩაფლავების შემდეგ კი მოსალოდნელი იყო, რომ უარს იტყოდნენ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე. ეს არის პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი მოიცავს რეფორმებზე მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, საარჩევნო, ანტიკორუფციულ და მართლმსაჯულების საკითხებზე. ყველა ამ საკითხზე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციებშია საუბარი.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend