თურქი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღეს, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერება შეთანხმებას გაეროს გეგმასთან დაკავშირებით.
გეგმის მიხედვით, უნდა მოიხსნას შეზღუდვა უკრაინული მარცვლეულის ექპორტზე და რუსეთს, ომის მიუხედავად, უნდა მიეცეს თავისი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე გატანის საშუალება.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ხელმოწერის პროცესს დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ოფიციალური წარმომადგენლები რუსეთიდან და უკრაინიდან. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის მოადგილე ფარჰან ჰაქის თქმით, გაერო ცდილობს, მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას, რომელიც რუსული და უკრაინული მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე გასვლას შეუწყობს ხელს.
მთელ მსოფლიოში საკვების სერიოზული კრიზისია და ამ კრიზისის დიდი ნაწილის მოგვარება სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი. თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამიტომ ფარჰან ჰაქი ვერ ამბობს ზუსტ თარიღს, როდის მოეწერება ხელი შეთანხმებას.
შეთანხმების მიღწევას ასევე გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აშშ-ის სამხელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერს ნედ პრაისს მიაჩნია, რომ რუსეთი საკვებს ერთგვარ იარაღად იყენებს ამ კონფლიქტში. მათ გაანადგურეს სასოფლო-სამეურნეო ობიექტები. ისინი ხელს უშლიან, რომ მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიეწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. მისი თქმით, აშშ მიესალმება შეთანხმების მიღწევას, თუმცა ახლა მთავარია, რუსეთმა აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე და უკრაინული მარცვლეული მსოფლიო ბაზრებზე მოხვდეს.
კრემლის სპიკერს დმიტრი პესკოვს არ გაუკეთებია კომენატრი თურქული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. მან განაცხადა, რომ ეს შეკითხვა სამხედროებს უნდა დაუსვან.