მიუხედავად იმისა, რომ ათენის გარშემო ხანძრის კერები ლოკალიზებულია, სახანძრო ვერტმფრენები და თვითმფრინავები მაინც ასხამენ წყალს, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ხანძრის გაჩენის საფრთხე. დაიწვა დაახლოებით 10 საცხოვრებელი სახლი.
ცეცხლის მოახლოების გამო სისი ზაჰარაპულუ იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. როდესაც იგი უკან დაბრუნდა, მას მხოლოდ გაშავებული კედლები, დამწვარი ავეჯი და დაზიანებული ნივთები დახვდა. მას უჭირს იმის დაჯერება, რომ მისი სახლი ფერფლად იქცა. წუხს, თავის დაცარიელებულ, დაპატარავებულ და დამწვარ კარ-მიდამოს რომ უყურებს. რამდენიმე საათით ადრე სისი ამ სახლში ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. იგი ცდილობს, იუმორის გრძნობა შეინარჩუნოს, რომ ჭკუიდან არ შეიშალოს.
რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ანტონის ზაქარისის ოჯახი ცხოვრობს. პოლიციის მითითების შემდეგ ოჯახმა სახლი და ტერიტორია დატოვა. თუმცა ოჯახის უფროსის თხოვნით ისინი უკან დაბრუნდნენ. მამა-შვილი არ დაემორჩილა პოლიციის მითითებებს. მათ შეძლეს თავიანთი კარ-მიდამოს გადარჩენა. ცეცხლთან ბრძოლა არ ყოფილა მარტივი. დაიწვა ეზო და ქათმები. ცეცხლმა გაანადგურა მათი ერთი ავტომობილიც.
ანტონის ზაქარისმა ცეცხლში გამოიარა, ყველგან აფეთქების ხმა ისმოდა. ქაოსი იყო. როდესაც სახლთნ მივიდა, ანტონისი იძულებული გახდა ეზოში გადამხტარიყო, რადგან ელექტროენერგია არ იყო და კარი არ იღებოდა. ხანძარი კი ძლიერდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხეს სახლის გადარჩენა და ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ხანძრის შედეგად 34 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათ სუნთქვის უკმარისობა და მცირე დამწვრობები აღენიშნებოდათ. 600-ზე მეტი პირი იქნა ევაკუირებული. 80 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, როდესაც უყურებდა, როგორ იწვოდა მისი სახლი.
ატიკის რეგიონში ხანძარმა თავისი კვალი კიდევ ერთხელ დატოვა. დაიწვა სახლები, ასობით ადამიანი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მთავრობა და მოქალაქეები მობილიზებული არიან.