მთავარისაქართველოსამოქალაქო სექტორმა და საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელეს

სამოქალაქო სექტორმა და საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელეს

საკანონმდებლო ორგანოში 25 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების სისტემური შეხვედრები გაიმართება. შეხვედრების მიზანი ერთია – შესრულდეს ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციები. სწორედ რეკომენდაციების შესრულებასა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადებას ითვალისწინებდა ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი შეხვედრა. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორთან კონკრეტულ სამუშაო პროცესზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ სამოქალაქო სექტორთან კონკრეტულ სამუშაო პროცესზე შევჯერდით. 12-ვე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო პროექტი უნდა დაიდოს, რომელიც ევროპელების რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, გვჭირდება 24/7-ზე მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკოსთან ერთად, რათა სექტემბრისთვის საქართველოს პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონის პროექტების ფართო სპექტრში, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ჩვენი ამოცანაა, არც ერთი დღე არ დავკარგოთ და ისეთ გადაწყვეტილებებზე ვიმუშაოთ, რაც ევროკავშირის სტანდარტებს უპასუხებს. საჭიროა ევროკომისიის რეკომენდაციების არა ფორმალური შესრულება, რაზეც შემდგომში ევროკომისია იტყვის, რომ არ შესრულდა, არამედ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, რომელიც ევროკომისიის მოლოდინებსა და სტანდარტებს პირდაპირ უპასუხებს“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

არასამთავრობო სექტორის განცხადებით – მართლმსაჯულება, მედია და არჩევნებია ის საკითხები, რომლებზეც თავდაპირველად იმუშავებენ.

„იყო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის ფორმატი და აუცილებლობა. დღეს იყო მსჯელობა – როგორ უნდა ვიმუშაოთ და ამ თვალსაზრისით საკითხები გამოვყავით 12 პუნქტიდან, რომელზეც დაიწყება პირველად მუშაობა. ესენია, მაგალითად, მართლმსაჯულება, არჩევნები, მედია. და ამაზე კოორდინაცია ფაქტობრივად მომავალი კვირიდანვე დაიწყება“, – თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლემა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

„იქნება კონსულტაციები, რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ პარლამენტი არ არის მარტო უმრავლესობა, პარლამენტი არის ოპოზიციაც და ის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც დღეს იყო აქ წარმოდგენილი – მზად არის ითანამშრომლოს პოლიტიკურ ოპოზიციასთან იმ პუნქტებთან მიმართებით“, – თქვა მედიაექსპერტმა, ლაშა ტუღუშმა.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესში მმართველ გუნდთან ერთად უნდა ჩაერთოს. მათი თქმით, ეს ევროპარლამენტარების მოთხოვნაცაა.

„თუ ასე არჩიეს, რომ ცალკე იმუშაონ და შემდგომ უკვე საშემოდგომო სესიაზე შემოუერთდნენ რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცესს, რატომაც არა – ეს მათი არჩევანია, თუმცა ვერ მოვუწონებთ. კარგი იქნებოდა, ამ ეტაპზევე გვეჩვენებინა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა, რაც არანაირად არ ნიშნავს ადამიანური ურთიერთობების დათმობას, თუმცა ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის მოწოდებები, არამედ საზოგადოების მოწოდებები გავითვალისწინეთ და გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ეს დაძაბული ატმოსფერო იქნეს შემცირებული“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სექტემბრისთვის ისინი 12-ვე პუნქტზე ისეთ კანონპროექტებს მოამზადებენ, რომელიც ევროკომისიის მოლოდინებსა და სტანდარტებს უპასუხებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend