კონსტანტინა ალჟირის მესამე ყველაზე დიდი ქალაქიდან, რომელსაც „ბეწვის ხიდების ქალაქს“ უწოდებენ. ეს კონსტანტინა კლდეზეა შეფენილი და გარს ხეობები არტყამს. ამ ქალაქს იმდენად ღრმა ფესვები აქვს, რომ თითქმის ალჟირის ულამაზესი რომაული ნანგრევების თანამედროვედ ითვლება.
კონსტანტინა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იქ მისასვლელად რამდენიმე ხიდი უნდა გადაიარო. ქალაქის არქიტექტურა კი, ფაქტობრივად, ცივილიზაციის მატიანეა, რომელიც ანტიკურ დედაქალაქ ცირტიდან იწყება და თანამედროვე ალჟირამდე მოდის.
ქალაქის ძველ უბან მედინაში ზოგიერთი სახლი რამდენიმე ათასი წლისაა. სწორედ აქ შევხვდით კონსტანტინელ არქეოლოგს ჰოსინ ტაუტაუს.
ჰოსინ ტაუტაუ, კონსტანტინის მცხოვრები, არქეოლოგი:
„საუბარია ქალაქზე, რომელიც ნუმიდიის სამეფოს დედაქალაქი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასაწლეულში. მისი ძალაუფლება თანამედროვე მაროკოსა და ლიბიის საზღვრებს შორის გადაჭიმულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. კონსტანტინაში ისტორიის წაკითხვა მხოლოდ იქ შემორჩენილი არქეოლოგიური ნანგრევების, სახლებისა და ქალაქის იერის მიხედვითაც შეიძლება. აქ ყველაფერი სახეზეა და დაცულია.“
განსაკუთრებით კარგად არის დაცული კულინარიული ტრადიცია. ეს ნამდვილად კარგი საბაბია, რომ რამდენიმე სასუსნავს პირდაპირ ქუჩაში გაუსინჯო გემო, როგორიცაა, მაგალითად ჯუზია – თაფლითა და თხილით დამზადებული ტრადიციული ტკბილეული.
ჰოსინ ტაუტაუ:
„აქ, კონსტანტინაში, ყველაფერი უაღრესად თვითმყოფადია და სწორედ ამის გამოა ეს ქალაქი ასეთი მდიდარი…“
ძველი ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით აჰმედ-ბეის, სასახლის ბაღები მდებარეობს, რომელიც არაბულ-მუსლიმანური ხელოვნების ნამდვილი მარგალიტია. ორი ათას კვადარატულ მეტრზე გაშენებული სასახლის კედლის მხატვრობა აჰმედ-ბეის მოგზურობას ასახავს. იგი ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ იბრძოდა.
მერიემ ქებაილია, ხელოვნებისა და ტრადიციული კულტურული სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ეს სასახლე აღმოსავლეთ ალჟირის ბეილიქის უკანასკნელმა ბეიმ – აჰმედ-ბეიმ 1826 წელს ააშენა. არქიტექტურა ადგილობრივი მავრიტანული სტილისაა. სასახლე შედგება ოთხი პავილიონისა და ორი ბაღის – ქლიავისა და ფორთოხლის ბაღისაგან.
მერიემ ქებაილია:
„კონსტანტინა ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინი და კულტურული გავლენის მქონე ცენტრი. დღეს ეს სასახლე ეროვნული ხელოვნებისა და ტრადიციული კულტურული სახვითი ხელოვნების მუზეუმია და მისი მისია ამ ტრადიციების გადაცემაა.“
კონსტანტინაში ჩასულ ტურისტებს შესაძლოა ძალიან მოეწონოთ ემირ აბდ ალ-კადირის მეჩეთი, რომელიც აფრიკული ისლამური არქიტექტურის შედევრია და 15 ათას კაცს იტევს. მეჩეთს 100 მეტრზე მაღალი მინარეთები ამშვენებს.
სამხრეთით ბეტნის რეგიონისკენ მივემართებით, რომელიც ორესის მთების დედაქალაქია და რომელსაც რომაული ცივილიზაციის კვალი ატყვია. ყველაზე კარგად ტიმგადი შემოინახა, რომელსაც აფრიკის პომპეისაც კი უწოდებენ. ამ ანტიკური ხანის სასწაულს იუნესკო იცავს.
ასმა გენამი, ბეტნის კულტურის დირექტორატის მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„აქ მოსულებს შეუძლიათ დროში იმოგზაურონ. ტურისტს შეუძლია მოინახულოს თერმული აბანოები, ბიბლიოთეკა, რომელიც ფორუმით თავდება. შეუძლია წარსული შეიგრძნოს.“
მრავალი არტეფაქტი და მოზაიკა თითქმის ხელუხლებლად შემორჩა. დღეს ეს ყველაფერი ტიმგადის მუზეუმშია თავმოყრილი და იმ ანტიკური ქალაქის ამბავს აცოცხლებს, სადაც რომაელი ჯარისკაცები პენსიაზე გასვლის შემდეგ სახლდებოდნენ.
ასმა გენამი:
„აქ დარბაზში არის წარწერა, რომელიც, ფაქტობრივად, აჯამებს ტიმგადის ცხოვრებას. წარწერა ასეთია: „ნადირობა, ბანაობა და გართობა.“ ეს შესანიშნავი ცხოვრებაა მათთვის, ვინც რომის იმპერიას ემსახურა.“
სამხრეთით ასობით კილომეტრის მოშორებით, იქ, სადაც საჰარა იწყება, ალჟირში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული სანახაობა მდებარეობს: გოფის გრანდიოზული კანიონი.
თვალწინ ისეთი დიდებული ხედი იშლება, რომ ადამიანს სუნთქვა ეკვრის, კლდეში გამოკვეთილი ასობით სახლი კი, როგორც ჩანს, არ ემორჩილება დრო-ჟამის ტრიალს.
სპორტის მოყვარულ ტურისტებს შეუძლიათ კანიონი დალაშქრონ და იმ მდინარეს ჩაუყვნენ, რომლის გაყოლებაზეც უხვად არის მიმოფანტული ხეხილის ბაღები, რომლებსაც ერთ დროს აქაური მოსახლეობა უვლიდა.
ავტორი: სირილ ფურნერისი