მთავარიამერიკააშშნედ პრაისი: კელი დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს

ნედ პრაისი: კელი დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და აცხადებს, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რომელიც პარტნიორებს აქვთ. ნედ პრაისმა ოთხშაბათის ტრადიციული ბრიფინგი  თავისი ინიციატივით, ჟურნალისტის შეკითხვის გარეშე, საქართველოსა და დეგნანის საკითხით დაიწყო.

ნედ პრიასი ამბობს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაუფართოვა ევროპული პერსპექტივა და მისცა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ნედ პრაისის თქმით, შეერთებულ შტატებში იციან, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს  ევროკავშირში გაწევრებას და ცხადია, რომ აშშ მხარს უჭერს ამ მისწრაფებას. თუმცა, მისი აზრით, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას.

ელჩ დეგნანსა და მისი გუნდის წევრებს თბილისში სურთ,  იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ნედ პრაისი აღნიშნავს, რომ ელჩ დეგნანს მათი სრული მხარდაჭერა აქვს, ხოლო დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ კომუნიკაციას, რომელიც პარტნიორებს აქვთ.

აშშ გააგრძელებს საერთო მიზნების მხარდაჭერას. ისინი 30  წელია მხარდამხარ მუშაობენ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, რაც უცვლელი რჩება. ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში დაასრულოს, რაც შეიძლება მალე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის.

ბოლოს კი ნედ პრაისმა დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი გააგრძელებენ მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას იმისათვის, რომ დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend