ევროპაში კვლავ მძვინვარებს ტყის ხანძრები. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ტემპერატურამ იკლო, ამ ქვეყნებში ისევე, როგორც ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში, მეხანძრეები ჯერ კიდევ ებრძვიან ცეცხლის კერებს. საბერძნეთში ჩრდილოეთისკენ მეხანძრეებმა ხანძრის კონტროლი შეძლეს, თუმცა დასავლეთით, ათენთან ახლოს, ახალი კერა გაჩნდა. ბოლო 24 საათში ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ესპანეთშიც ხანძრის არაერთ კერას ებრძვიან. მადრიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4000 ჰექტარ მიწის ფართობზე მეტი დაიწვა, ძლიერი ქარი კი გამუდმებით ცვლის მის მიმართულებას. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ხანძრებთან გასამკლავებლად ყველა რესურსისა და შესაძლებლობის გაერთიანებას ცდილობს.
სლოვენია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც იყენებს ამ ერთიან მიდგომას. ადგილობრივ მეხანძრეთა ჯგუფს, რომელიც კრასის რაიონში ებრძვის ხანძარს, ავსტრიიდან იტალიური სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი შეუერთდება.
ევროპის ქვეყნები უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურის გამო ყველაფერს აკეთებენ სიგრილის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გარეთ ფიზიკურად უწევს მუშაობა. გასულ კვირას მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა სიცხისა და მისგან გამოწვეული გართულებების გამო.