მთავარისაქართველოგზავნილი ვაშინგტონიდან

გზავნილი ვაშინგტონიდან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნედ პრაისი საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება

„დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე, არ არის იმ კომუნიკაციის შესაბამისი, რაც პარტნიორებს აქვთ“, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნედ პრაისი, საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას.

ნედ პრაისმა 20 ივლისის ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და განაცხადა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.

„როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაუფართოვა და მისცა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები, დიდი უმრავლესობით, მხარს უჭერენ ევროკავშირში გაწევრებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწადინებულები არიან, იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩსა და მის გუნდზე, არ შეესაბამება იმ კომუნიკაციას, რომელიც პარტნიორებს აქვთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

ხელისუფლების ოპონენტები ნედ პრაისის განცხადებას აფასებენ, როგორც ვაშინგტონის პასუხს ანტიდასავლურ კამპანიაზე. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ მათი რიტორიკა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ეროვნულ მისწრაფებას ხელს უშლის.

„აშშ-მა „ქართულ ოცნებას“ დიპლომატიის ელემენტარული წესები შეახსენა, რომ ელჩზე თავდასხმა კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს. სამარცხვინოა, რომ ამის შეხსენება სჭირდება ხელისუფლებას“, – აღნიშნა „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა, რომლის მიზანიც არის ერთი, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ბრალეულობა და მის მიერ ჩავარდნილი სახელმწიფო მართვა გადააბრალოს სხვებს და მეორე – ეს არის სერიოზული საფრთხე, რომლისკენაც „ქართული ოცნება“ მიაქანებს ქვეყანას“, – თქვა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელზე თავდასხმა არ ყოფილა და ეს მომავალშიც გამორიცხულია.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკა ბოლო პერიოდში გახშირდა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ სამმა დეპუტატმა დატოვა დასავლელი პარტნიორების მხილების მიზნით. მათ ღია წერილიც გამოაქვეყნეს და ამერიკის ელჩს მოუწოდეს, „ნაციონალურ მოძრობას“ გამიჯვნოდა. დღეს, 21 ივლისს, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამერიკა და, შესაბამისად, ამერიკის საელჩო საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაა.

„რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს მუშაობას საქართველოში, აქ იმისთვის ვართ, რომ ქართველ ხალხს დავუჭიროთ მხარი და მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებას – გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. რაც შეეხება ვაშინგტონსა და განცხადებას, ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული, ყურადღებით ადევნებს თვალს სხვადასხვა მოვლენას საქართველოში და ეს იმიტომ, რომ საქართველო არის მისი პარტნიორი. სოწრედ ამიტომ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით იყო ძალიან დიდი“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი ამბობს, რომ პარტნიორები ერთმანეთს ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ. მისი თქმით, მხარეებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend