მთელ ევროპაში მწველი სიცხეებია. მთავრობები შესაბამისი ზომების მიღებას ცდილობენ. დასავლეთ გერმანიაში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.
ნიდერლანდებში ადამიანები ჰააგის სანაპიროზე გასაგრილებლად მიდიან, იქ ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 19 ივლისი ქვეყანაში ყველაზე ცხელი დღე იყო. უკვე მესამე დღეა, ნიდერლანდებში მწველი სიცხეებია.
ექსპერტები მაღალი ტემპერატურის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებში მდგომარეობა გაუარესდება.
მადრიდშიც საუბრობენ, რა საფრთხე აქვს ზედმეტად ცხელ ამინდს. ქვეყანაში სიცხისგან უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ისინი ნარჩენების შემგროვებლები იყვნენ.
ესპანეთში აქტიურად განიხილავენ, თუ როგორი სამუშაო პირობები უნდა იყოს ექსტრემალური ტემპერატურის დროს.
დიდ ბრიტანეთში სიცხე სარკინიგზო მგზავრობას აფერხებს. მაღალი ტემპერატურის გამო, ლონდონის კინგს-კროსის სადგურზე ყველა მატარებელი გაჩერებულია. მგზავრებს ლოდინი უწევთ.
“ყველა რეისი გაუქმებულია სიცხის გამო. არ მესმის. მატარებლები ავსტრალიაშიც არის, თუმცა ისინი მუშაობენ. რა პრობლემაა აქ?”- წუხს ერთ-ერთი მგზავრი ეშლი მერლო.
ბელგიის ზოოპარკებში ბინადრებთან ყინულები და გაყინული საკვები მიაქვთ. ასევე პერიოდულად წყლით აგრილებენ. ეს მიღებული ზომების ნაწილია.