მთავარისაქართველოევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში

ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში

შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან – ევროპარლამენტარების დღის წესრიგი დღეს, 20 ივლისს საქართველოში საკმაოდ დატვირთული იყო.

მთავარი განსახილველი თემა მხარეებს შორის იმ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების განხილვა იყო, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა მთავარი ისაა, როგორ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. ევროკომისიამ შეიმუშავა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაზეც ახლა საქართველო მუშაობს. ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენი გზავნილი ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან თუ პარტიიდან არის ის, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ხელისუფლებას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს, რომ იმუშაონ ერთად კონკრეტულად ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. და წლის ბოლოს ევროკომისია შეაფასებს საქართველს პროგრესს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა.

„როგორც ჩანს, მმართველ პარტიას აქვს გეგმა, ოპოზიციას აქვს გეგმა შეიძლება, ერთზე მეტიც. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ იდეა, როგორ უნდა იმუშაონ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. იმედი გვაქვს, ეს კარგად კოორდინირებული პროცესი იქნება და მასში ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს როლი – პრეზიდენტს, პარლამენტს, თავმჯდომარეს, ეს ინკლუზიური პროცესი უნდა იყოს და არა რაღაც ტექნიკური სავარჯიშო“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, სვენ მიკსერმა.

„ჩვენ ევროპარლამენტარები, თქვენი სახელმწიფოს მოკავშირეები და ქომაგები ვართ, საქართველოს მოქალაქეებისა და რაც მთავარია მხარს ვუჭერთ თქვენს მიზანს, რომ დაუახლოვდეთ ევროპას. ამავე დროს, სანამ ეს მოხდება, აუცილებელია რიგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება, ეს კრიტერიუმები ცნობილია, ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ თქვენს სახელმწიფოში, პირადად და პოლიტიკურადაც, ასევე ფინანსურად, გვსურს, რომ ეს ინვესტიცია შედეგის მომტანი იყოს. შეთანხმებები რომელიც შედგა, მაგალითად 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმება აუცილებელია, რომ შესრულდეს, რადგან ეს შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მომავლის საფუძველია, შესაბამისად ევროკავშირის სახელით, ჩვენი სახელით მსურს გითხრათ, რომ ალბათ ნათელია, რომ ჩვენ თქვენი მხარდამჭერი ინსტიტუცია ვართ და არ გვსურს არავის ომში ჩართვა, პირიქით გვსურს საქართველო ევროკავშირის გზაზე წარმატებული ვიხილოთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

იქამდე იყო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს მეგობრები არიან და რომ საქართველოს ომში ჩათრევას არ აპირებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა, რომ ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან მეორე ფრონტს ელოდება, მიუღებელია.

„ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველგან უნდა ვიმუშაოთ. იმაზე უარის თქმა და ამაზე თანხმობა არ გამოვა, თუ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით ევროპარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ, სადაც ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აქაც მხარეებს შორის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი უნდა მოვიპოვოთ, გვეხმარებიან და გვერდში გვიდგანან ჩვენი პარტნიორები და ევროპარლამენტარების ეს ვიზიტი სწორედ ამის მაჩვენებელია“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

„მიუხედავად დაძაბულობისა და აშკარა დემოკრატიული უკუსვლისა, რომელიც ქვეყანაში არის, ეს ადასტურებს, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირი, ზოგადად, არის ძალიან აქტირუად დაინტერესებული და ჩართული საქართველოს დემოკრატიის გადარჩენის პროცესში“, – თქვა „ლელოს“ ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

„გვქონდა ასევე საუბარი იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ეს შეთანხმება არის ქვეყნის ტრანსფორმაციის, ასე ვთქვათ, საუკეთესო გზამკვლევი, რაც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან და, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების ნაწილია რეფორმების ის ნაწილი, რომელიც მოცემულია რეკომენდაციებშიც და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ რეკომენდაციების შესრულებაზეც“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

დღეს ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს განიხილავს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend