რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაუნდობელ შეტევებს უკრაინული არმია შეუპოვარი წინააღმდეგობით პასუხობს. ბრძოლა გრძელდება როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში. ვაშინგტონსა და კიევში ფიქრობენ, რომ კრემლი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს.
“თუ რუსული მხარე ანექსიაზე წავა, ეს გაეროს ქარტიის უხეში დარღვევა იქნება. ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ მივადევნებთ თვალს ამ მოვლენებს. განვაგრძობთ უკრაინისათვის ისტორიული მასშტაბის დახმარების გაწევას. მომავალ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ეს უკვე ამ ტიპის მე-16 პაკეტი იქნება, რომელსაც უკრაინას ვაწვდით”, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.
ამერიკული წარმოების უახლესი შეიარაღება ბრძოლის ველზე უკრაინულ არმიას დიდ ძალას მატებს. ინფორმაციას კი იმის შესახებ, რომ თითქოს ვაშინგტონის მიერ მიწოდებული შეიარაღება შავ ბაზარზე ხვდება, უკრაინის პრეზიდენტი რუსულ დეზინფორმაციას უწოდებს.
”პარტნიორებმა ზედმიწევნით იციან, თუ სად მიდის მათ მიერ მოწოდებული შეიარაღება. მიუხედავად ამისა, რუსული მხარის ინფორმაციით, მანიპულაციის თავიდან აცილების მიზნით ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია იმუშავებს”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ომი გრძელდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი ფრონტის ხაზებთან ახლოს მდებარე ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობაა.