ლონდონში მოქალაქეები გაგრილებას ცდილობენ, რადგან ტემპერატურამ 36 გრადუსს მიაღწია. რამდენიმეკვირიანი მაღალი ტემპერატურის გამო ქალაქის მწვანე პარკები და საფარები ახლა გაყვითლებული და გამხმარია.
მაღალი ტემპერატურის შედეგად ლუტონის აეროპორტში ასაფრენი ბილიკიც კი გადნა. დღეს, 19 ივლისს კი უფრო მაღალ სიცხეს ვარაუდობენ, გარკვეულ ადგილებში ტემპერატურა 41 გრადუსს გადასცდება. ეს კი ბრიტანეთისთვის საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა. ჯანდაცვის სექტორი უკვე წნეხის ქვეშაა.
ანელა ანგერ-კრაავი, კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ მოსახლეობა უნდა მოერგოს ამ სიტუაციას, რადგან მომავალში ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდება. მისი თქმით, ბოლო 10 წელიწადში, სხვა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო და ეს ტენდენცია უფრო ხშირი იქნება.
ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბრესტში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. ხელისუფლება მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
ბრესტის ერთ-ერთ მკვიდრს ბელქასემს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის გლობალური დათბობა. ბრესტში ტენიანობა 70 პროცენტს შეადგენს. ეს კი, მისი აზრით, რეკორდული მაჩვენებელია.
მოქალაქეებს ურჩევენ, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი. ვარაუდობენ, რომ ევროპაში ცხელი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.