ბერლინში კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით დიპლომატი შეიკრიბა.
პეტერსბერგის რიგით მე-13 კლიმატის კონფერენცია ორშაბათს, 18 ივლისს დაიწყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კლიმატის საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილებს კლიმატის პრობლემებთან გასამკლავებლად გლობალური ძალისხმევისკენ მოუწოდა.
ანალენა ბერბოკის თქმით, გლობალური ემისიების განახევრებამდე 8 წელი დარჩა. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც მათ გლასგოში აიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ვერ შეძლეს. ისინი ამით დაეხმარებიან იმ ქვეყნებსა და ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კლიმატის კრიზისით გამოწვეული პრობლემებით.
კოპერნიკუსის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის უფროსი მეცნიერის მარკ პერინგტონის ინფორმაციით, გასულ წლებში გაიზარდა ტყის ხანძრების რაოდენობა, რაც ტემპერატურის მატებით არის გამოწვეული.
მარკ პარინგტონი ამბობს, რომ მცენარეებს მაღალი ტემპერატურის პირობებში უფრო მარტივად ეკიდება ცეცხლი. ამიტომ ზაფხულში, როდესაც ძლიერი სიცხეებია, იზრდება აალების რისკიც, რის შედეგადაც წარმოიშვება ტყის ხანძრები, რომელთა კონტროლიც ძალიან რთულია.
ორგანიზაცია „გადაარჩინეთ ბავშვების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მილიონობით ბავშვს მთელ ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო რესპირატორული, თირკმლისა და სხვა დაავადებების საფრთხე ემუქრება.
ეს შეფასება საგანგაშო უნდა იყოს ყველა ლიდერისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები კლიმატის საკითხებთან გასამკლავებლად და მომავალი თაობების გადასარჩენად.