შრი-ლანკის პრეზიდენტის გოტაბაია რაჯაპაქსას ქვეყნიდან გაქცევისა და თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შრი-ლანკაზე წესრიგის დამყარებაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ზრუნავს , რომელიც ახლა პრეზიდენტობის მოვალეობას ასრულებს.
შრი-ლანკის პრეზიდენტმა ქვეყნიდან გაქცევა მანამდე მოახერხა, სანამ დემონსტრანტები მის სასახლეში შეიჭრებოდნენ. მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გასულ ხუთშაბათს განაცხადა.
დემონსტრანტები შრი-ლანკაზე შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს რაჯაპაქსას არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ. შექმნილი კრიზის გამო 22 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, გასული წლის ბოლოდან საკვების, საწვავისა და მედიკამენტების რაოდენობა შეემცირებინა.
შრი-ლანკის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრამესინგჰე ავტომატურად დაინიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ის ახლა ლიდერი კანდიდატია, რომელიც ამ კვირაში საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
დემონსტრანტები შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობით არ არიან გამსჭვალული, რადგან მას რაჯაპაქსას კლანის მოკავშირედ თვლიან.
ვიკრამესინგჰემ სამხედროებს და პოლიციას უბრძანა, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა წესრიგის უზრუნველსაყოფად.
თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღეს დედაქალაქში უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებითი ჯარი და პოლიცია იქნება მობილიზებული პარლამენტთან, სადაც კენჭისყრა უნდა გაიმართოს. შრი-ლანკაზე ვითარება კვლავ დაძაბულია.