მთავარისაქართველოპარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ გაიმართება. ბიუროზე ითქვა, რომ არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად, სხდომა ვერ ჩატარდება.

რიგგარეშე სესიები საქართველოს პარლამენტში დღეიდან, 18 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, რომლის დღის წესრიგი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან რამდენიმე მიმართულებას ეხება.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კონსტიტუციის უხეში დარღვევით, პრაქტიკულად, უარი თქვა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, ამით უგულებელყო პრეზიდენტის აქტი, უგულებელყო ოპოზიციის კონსტიტუციური უფლება, რომ რიგგარეშე სესია მოწვეულიყო და კონკრეტული დღის წესრიგით მომხდარიყო ამ საკითხების განხილვა. მიზეზი აბსურდულია, რომ თითქოს საკითხების მომზადება არ ყოფილა წინასწარ, ეს ვერც იქნებოდა. ბიუროს ჰქონდა ვალდებულება, შეემუშავებინა რიგგარეშე სესიის გეგმა“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

„ხელისუფლება უნდა ცდილობდეს შეხების წერტილების გაჩენას და არა, პირიქით. 12 პუნქტში სულ რომ არ იყოს ლაპარაკი საარჩევნო რეფორმაზე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე და ა.შ. თვითონ უნდა ეძებდეს, რომ რა გვაქვს პარლამენტში ჩვენ ისეთი თემები, რომელზეც შეიძლება ყველამ ერთად გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენი გეგმები მიმართული იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიერ იმ ამოცანების შესრულებისკენ, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე და შემოდგომიდან ჩვენ გვექნება აქტიური ფაზა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისა. ამ პროცესში ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენოს“, – აღნიშნა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ სესიის მოწვევას აზრი მაშინ აქვს, როდესაც კომიტეტებს უკვე მომზადებული, მოსმენილი აქვთ კანონპროექტები და საკითხი პლენარულ სხდომაზე გასატანად მზადაა.

„პოპულიზმია განცხადებები, რომლებიც რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ. რეალურად, ოპოზიციას არ სურს თანხმობა, რადგან მათ შეთანხმების გარეშე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. აცხადებენ, რომ სურთ შეთანხმება, თანხმობით მუშაობა, მაგრამ შეთანხმების გარეშე მიმართეს პრეზიდენტს. მათ არ სურთ ზოგიერთ ნაწილში დაბალი ბარიერი, ზოგიერთ ნაწილში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ, მაგრამ ამბობენ, მივიღოთ სისტემა დაბალი ბარიერით. მათ გაცხადებული აქვთ, რომ უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, მაგრამ ახლა, როდესაც ამ საკითხებზე  პარლამენტში საკომიტეტო სამუშაო მიმდინარეობს, ისინი სხდომებში არ მონაწილეობენ. სწორედ ეს არის პოპულიზმი, რაც ანტიევროპულია და თავისთავად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევით გასულ კვირას მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვა გაითვალისწინა და პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება პარლამენტში 15 ივლისს შევიდა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend