ზაფხულში, როდესაც შავი ზღვის რუმინულ და ბულგარულ სანაპიროებზე ათასობით ტურისტი იმყოფება, ორივე სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები გაათმაგებული ყურადღებით ეძებენ უკრაინაში რუსული ინტერვენციის შედეგად შავ ზღვაში ჩაყრილ საზღვაო ნაღმებს.
შავ ზღვას ექვსი სახელმწიფო ესაზღვრება: საქართველო, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია და რუმინეთი. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანე აცხადებს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
“ოდესის სანაპიროს სიახლოვეს რამდენიმე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს, ეს ნაღმები ძირითადად წლის მიმოქცევის შედეგად მოხვდა ოდესის სანაპიროსთან. შესაბამისი სამხედრო ხომალდები და სამსახურები ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობენ. მინდა, დარწმუნებით განვაცხადო, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს მშვიდად შეუძლიათ დატკბნენ შავი ზღვის სანაპიროზე ყოფნით“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანე.
ამ ეტაპზე შავი ზღვის სანაპიროებთან 21 საზღვაო ნაღმია აღმოჩენილი, 1 – რუმინეთის, 3 თურქეთის რესპუბლიკის, 16 – უკრაინისა და ერთი ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში. რამდენიმე ასეული საზღვაო ნაღმი ჯერ კიდევ შავ ზღვაშია.
ბულგარეთსა და რუმინეთში მეთევზეებს არსებული საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.
“იმ შემთხვევაშიც, თუ საეჭვო ობიექტი საზღვაო ნაღმი არ აღმოჩნდება, უმჯობესია, ეს ცრუ განგაში იყოს და შესაბამის სამსახურებს მაინც აცნობოს მოსახლეობამ“, – ამბობს ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის დირექტორი ჟივკო პეტკოვი.
საზღვაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით რუმინეთის საზღვაო ძალები სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში 24-საათის განმავლობაში პატრულირებენ.
„საზღვაო ხომალდების კაპიტნებმა არ იციან, ეს ნაღმები ზუსტად სად არის. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ, ვმუშაობთ მუდმივი განგაშის პირობებში“, – ამბობს რუმინეთის საზღვაო ხომალდის კაპიტანი დანიელ ჯეორმა.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ქვეყნის პორტები კრემლის საზღვაო ძალების მიერაა ბლოკირებული.