მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მოქალაქეების კითხვებს პასუხობს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მოქალაქეების კითხვებს პასუხობს

საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს 1 ივლისამდე შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის ევროპული პერსპექტივის შესახებ კითხვები გაეგზავნათ.

მოქალაქეების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს ვიდეოჩანაწერის ფორმატით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უპასუხა. მან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაჩქარებისთვის არის აუცილებელი. განსაკუთრებული ყურადღება კარლ ჰარცელმა პოლიტიკური ძალების მიერ ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულებაზე გაამახვილა.

პირველი კითხვა: რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მთავრობის მხრიდან, ევროკომისიის მოსაზრებით განსაზღვრული 12 პირობის შესრულება?

ელჩი პასუხობს:

“ძლიერ დემოკრატიას მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა – მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის გაზომვას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ გირჩევთ დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი – ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან და ბოლოს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც თქვენი აზრით, უკვე ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ”.

მეორე კითხვა:  რა მოხდება, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება? შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

კარლ ჰარცელი: 

“ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა.

საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ – ევროკავშირისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევაა 12 პრიორიტეტი, რაც უფრო მალე შესრულდება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა, საჭიროა მოქმედება.

შეკითხვები იყო ასევე დეოლიგარქიზაციაზე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, საქართველოსთვის დასავლეთის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ ომში ჩართვაზე – რაზეც ელჩმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მსგავსი რამ არც კი ყოფილა განხილვაში. ამის გარდა, ელჩს ჰკითხეს თუ როგორია მისი პოზიცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე. როგორ აფასებს კარლ ჰარცელი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ნაბიჯებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამ და სხვა კითხვებზე პასუხები, დაინტერესებულ პირებს ვრცლად შეუძლიათ იხილონ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend